თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები ყველა იმ პირისთვის, ვინც აპირებს ბინებისა და აპარტამენტების გაქირავებას.
შენობის მეპატრონეებმა სტუმრების მიღებისას აუცილებლად უნდა გაითვალისწონონ კორონავირუსისგან დაცვის ზომები, კერძოდ:
– აპარტამენტებში რეკომენდებულია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება;
– აუცილებელია ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერებით უზრუნველყოფა, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პაკეტი;
– სტუმრის მიერ აპარტამენტის დატოვების შემდეგ უნდა ჩატარდეს დეზინფექცია, 4-საათიანი ვენტილაციისა და განიავების ჩათვლით;
– დალაგებისას აუცილებელია პირბადისა და ხელთათმანების (ინდივიდუალური დაცვის საშუალებების) გამოყენება;
– დალაგების დაწყებამდე და მისი დასრულების შემდეგ აუცილებელი ხელების დაბანა (საპნით) არანაკლებ 20 წამის განმავლობაში, ან 70% ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო საშუალების გამოყენება;
– იმ ზედაპირების დეზინფექცია, რომელსაც ხშირად ეხებიან;
– რბილი ავეჯისა და იატაკის გაწმენდა სპეციალური საწმენდი საშუალებით; მშრალი წესით დასუფთავების ნაცვლად უმჯობესია მიმართოთ სველი წესით დასუფთავებას;
– სტუმრების მიერ გამოყენებული თეთრეულის სპეციალურ ტომარაში შეკრება;
– თეთრეულისა და პირსახოცების რეცხვა არანაკლებ 60% ტემპერატურის წყლით;
– აუცილებელია სტუმრების მიღება–გასვლის დისტანციური სისტემის შემუშავება.
ზემოთ აღნიშნული წესები ჯანდაცვის სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მომზადდა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.