თუ სიგარეტის მოწევას თავს დაანებებთ, მოკლე ხანში არაერთ სასიკეთო ცვლილებას შენიშნავთ: კანის ფერი დაგეწმინდებათ, კბილები სითეთრეს დაიბრუნებს, ენერგია მოგემატებათ... მაგრამ ამასთან ერთად, თუ არ გაფრთხილდებით, ბონუსად ზედმეტ კილოგრამებსაც მიიღებთ.
როგორც წესი, ადამიანი წონაში მატებას მოწევისთვის თავის დანებებიდან ორი-სამი თვის შემდეგ იწყებს. ამასთან, სხვებზე მეტად ისინი სუქდებიან, ვინც მოწევის დაწყებამდე სიგამხდრით გამოირჩეოდა. საქმე ისაა, რომ ერთი კოლოფი სიგარეტი დღეში 200 კილოკალორიას წვავს, ხოლო ნიკოტინი შიმშილის შეგრძნებას თრგუნავს. თანაც, ასტიმულირებს რა სეროტონინის გამომუშავებას, ნიკოტინი ენერგიის არათანაბარ გამოტყორცნას უწყობს ხელს, რაც მერე ასე ენატრებათ ხოლმე ყოფილ მწეველებს.
ყველა ეს ფაქტორი რამდენადმე ართულებს ამოცანას, მაგრამ, საბედნიეროდ, ნებისმიერ პრობლემას შეიძლება მოეძებნოს გადაჭრის გზა. მთავარია, კომპლექსურად მივუდგეთ მას. ქვემოთ რამდენიმე საინტერესო საიდუმლოს გაგიმხელთ.
ნუ ელოდებით კარდინალურ ცვლილებებს
სიგარეტისთვის თავის დანებების პირველივე დღეს მკაცრ დიეტაზე გადასვლა წმიდა წყლის სიგიჟეა. ორი ძნელად შესასრულებელი ამოცანის გაერთიანება გარდაუვლად მარცხით დასრულდება.
თუ მკაცრი დიეტის ნაცვლად უბრალოდ ზოგ კვებით ჩვევას შეცვლით, გამარჯვება ბევრად გაგიიოლდებათ.
დასაწყისისთვის უარი თქვით ნებისმიერ ნახევარფაბრიკატსა და კონსერვზე. წესად აქციეთ ახალი მწვანილეულის სალათის ჭამა ყოველდღე. გარდა ამისა, შეიტანეთ რაციონში ზღვის პროდუქტები: იოდი ცხიმის ნატურალური მწველია.
დააბალანსეთ გემოები
გახსოვდეთ, რომ ნიკოტინი რეცეპტორებს თრგუნავს და საჭმლის ინსტიქტურ მოთხოვნილებას ცვლის. ანუ, მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, მწეველები მკაფიო გემოს კერძებს ეტანებიან — ძირითადად ცხარესა და ცხიმიანს, ხოლო ტკბილეულის მიმართ გულგრილობას იჩენენ.
სამწუხაროდ, მოწევისთვის თავის დანებების შემდეგ ეს ჩვევები არსად ქრება და ამიტომ ყურადღებით უნდა იყოთ. სანამ თქვენი რეცეპტორები აღდგება, უნდა მიირთვათ კარგი ხარისხის ის პროდუქტი, რომელიც ნამდვილად გიყვართ. არავითარ შემთხვევაში არ ჭამოთ სწრაფად, დატკბით თითოეული ლუკმით და შეიგრძენით გემო ბოლომდე.
მოემზადეთ „შაქრის დეფიციტისთვის“
როგორც კი ორგანიზმი ნიკოტინისგან გაიწმინდება, აუცილებლად მოგინდებათ ტკბილეული. არ იძალადოთ თავზე: დღეში ერთხელ. დაახლოებით საღამოს ხუთი საათისთვის შეგიძლიათ მიირთვათ შავი შოკოლადის ფილის ნახევარი.
სხვა დროისთვის კი მოიმარაგეთ უშაქრო საწუწნი კანფეტები.
ეწვიეთ აფთიაქს
მწეველებს უკიდურესად არ ჰყოფნით С ვიტამინი, რომლის ბოლო მარაგს ორგანიზმი ნიკოტინურ სტრესთან ბრძოლისას ხარჯავს. ამიტომ აუცილებელია იზრუნოთ ვიტამინური ბალანსის აღდგენაზე.
ამისათვის დილით უნდა მიირთვათ ფორთოხლის ფრეში, შუადღითა და ძილის წინ კი თითო ჭიქა ასკილის წვენი.
უნდა გახსოვდეთ, რომ С ვიტამინი წევის სურვილს თრგუნავს!
გარდა ამისა, მოიმარაგეთ მინერალური წყალი მაგნიუმის მაღალი შემცველობით, ან მაგნიუმის აბები — სტრესის მოსახსნელად და კარგი ძილისთვის.
არ დაჯდეთ ერთ ადგილზე
ნახევარსაათიანი სწრაფი სვლა, გორგოლაჭებით სიარული თუ ცურვა სწორედ იმდენივე კილოკალორიას (200 კკლ) წვავს, რამდენსაც ერთი კოლოფი სიგარეტი.
ამიტომ შეეცადეთ თანაბარზომიერად ივარჯიშოთ ერთი კვირის განმავლობაში — ერთმანეთს შეუნაცვლოთ დატვირთვა.
მათთვის, ვინც ნერვოზულობას გრძნობს მოწევისთვის თავის დანებების შემდეგ, იდეალურია იოგა.
არ მოდუნდეთ
მოწევისთვის თავის დანებების შემდეგ წონაში მატების რისკი ორი წლის განმავლობაში რჩება. ამიტომ არ გეგონოთ, რომ თუ ექვსი თვის განმავლობაში გასუქებას გადაურჩით, შეგიძლიათ მოდუნდეთ და განცხრომას მიეცეთ.
საბედნიეროდ, სწორად კვებისა და რეგულარული ვარჯიშის ჩვევა 21 დღეში ყალიბდება, ხოლო სამ თვეში ცხოვრების განუყრელი ნაწილი ხდება.
ასე რომ, სიგარეტის გადაგდებიდან სამი თვის შემდეგ ცხოვრება ბევრად გაგიიოლდებათ.