თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. სამოქალაქო აქტივისტი, პარტია „გამარჯვებული საქართველოს” წევრი მიშა კაჭკაჭიშვილი სამართალდამცველ ორგანოებს მის დაკითხვას სთხოვს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე. აღნიშნულის შესახებ კაჭკაჭიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე პოსტის გამოქვეყნების შემდეგ მას დაურეკეს 19 წლის ფეხბურთელის საქმესთან დაკავშირებით და გარკვეული ინფორმაცია მიაწოდეს, რასაც ის საქმის მიჩქმალვის უსუსურ მცდელობად აფასებს და მზად არის საგამოძიებო უწყებებს სატელეფონო საუბართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.
18 ივნისს მცხეთაში ერთ-ერთ დაბადების დღეზე დაწყებული დაპირისპირება, ახალგაზრდა სპორტსმენის გიორგი შაქარაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებით დასრულდა.
გავრცელებული ინფორმაციით, წვეულებაზე შელაპარაკება „ნახალოვკელებსა” და „საბურთალოელებს” შორის მოხდა, რომლებიც ერთმანეთს არ იცნოდნენ. შემდეგ კონფლიქტი ავტომაგისტრალზე გაგრძელდა.
გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში 2020 წლის 19 ივნისს შევიდა, რის საფუძველზეც დაიწყო გიორგი შაქარაშვილის ძებნა და აღიძრა საქმე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე.
ოთხდღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. გიორგი შაქარაშვილის კვალი სწორედ არაგვის ნაპირზე გაქრა, სადაც მისი ჩანთა იპოვეს.
მცხეთის პოლიციაში 19 წლის ფეხბურთელის, საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ მოთამაშის გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით გამოკითხვები ამჟამადაც მიმდინარეობს.