თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა კორონავირუსზე ტესტი ჩააბარა და ის დადებითი აღმოჩნდა. ამის შესახებ ჩოგბურთელმა თავის ვებ-გვერდზე განაცხადა.
უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ ხორვატიის ქალაქ ზადარში საგამოფენო ტურნირის Adria Tour ფინალი რუს ანდრეი რუბლიოვსა და ჯოკოვიჩს შორის გაუქმდა, რადგან ბულგარელ ჩოგბურთელს გრიგორი დიმიტროვს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ბულგარელმა ტურნირზე მატჩი ჩაატარა ხორვატ ბორნა ჩორიჩის წინააღმდეგ, რომელმაც, თავის მხრივ, ორშაბათს დაადასტურა, რომ ასევე ინფიცირებულია კორონავირუსით. ჩორიჩმა მანამდე, შაბათს ჯოკოვიჩთან ითამაშა.
„როგორც კი ბელგრადში ჩავედით, ტესტირებაზე გავემგზავრეთ. ჩემი შედეგი დადებითია, ისევე, როგორც ელენასი (ჯოკოვიჩის მეუღლე). ჩვენი შვილების შედეგები უარყოფითია. ყველაფერი, რაც გასულ თვეში გავაკეთეთ, წრფელი გულითა და კეთილი ზრახვებით გავაკეთეთ. ჩვენი ტურნირი იყო მოწოდება გაერთიანებისკენ, და მიზანი იყო მთელი რეგიონისთვის სოლიდარობა და თანადგომა გამოგვეცხადებინა“, – ნათქვამია ჯოკოვიჩის განცხადებაში.
მისი თქმით, ტურნირი იმ დროს იყო ორგანიზებული, როცა ვირუსი შესუსტდა. მათ ივარაუდეს, რომ ტურნირის ჩატარებისთვის შესაფერისი პირობები იყო.
„სამწუხაროდ, ვირუსი კიდევ არის, და ეს ახალი რეალობაა, რომელთან გამკლავებასაც ვსწავლობთ. იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში ყველაფერი დამშვიდდება და უწინდელ ცხოვრებას დავუბრუნდებით. ძალიან ვწუხვარ ინფიცირების თითოეულ შემთხვევაზე. ვიმედოვნებ, ვინმეს ჯანმრთელობას ეს არ გაართულებს და ყველაფერი წესრიგში იქნება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ჯოკოვიჩმა აღნიშნა, რომ თვითიზოლაციაში დარჩება მომდევნო 14 დღე, ხოლო ხუთ დღეში ინფექციაზე განმეორებით ტესტს ჩაიტარებს.
უფრო ადრე ჯოკოვიჩმა სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად, მათ შორის ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატების, მილიონი ევრო გამოყო. ჩოგბურთელი უკვე დაეხმარა იტალიის ბერგამოს ორ კლინიკას.