თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ბოლო თვეში თბილისში ცოფის უკვე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც თბილისის მერიის პრეს-სამსახური იუწყება, შემთხვევა ისნის რაიონში, ქინძმარაულის ქუჩაზე დაფიქსირდა. მოქალაქის განცხადების საფუძველზე ქალაქის ცხოველთა თავშესაფარში გადაიყვანეს ძაღლი, რომელსაც ბუნებრივი სიკვდილის შემდეგ სისხლში ცოფის ვირუსი აღმოაჩნდა. სისხლის ნიმუში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გადაიგზავნა და ეს დიაგნოზი იქაც დადასტურდა.
„მიმდინარე წელს დედაქალაქში ცოფის ვირუსის ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა. ანტირაბიული ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა როგორც შინაურ ცხოველებში ცოფის მიმართ მდგრადი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისა და ვირუსის პრევენციისთვის, ასევე მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისთვის“, – აღნიშნავენ მერიაში.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის ვახტანგ ლომჯარიას განცხადებით, ადამიანებში ცოფის გამოვლენის სიხშირე საქართველოში წელიწადში ერთზე ნაკლებია. გასულ წელს დარეგისტრირდა ერთი შემთხვევა, 2018 წელს – ორი, ხოლო მანამდე სამი წელი არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა. ამავდროულად, მისი თქმით, ცოფით დაინფიცირების განსაკუთრებით საშიშ კატეგორიას მონადირე ძაღლები განეკუთვნებიან.
ლომჯარიას განცხადებით, საქართველოში ცოფზე წელიწადში 35 ათასიდან 49 ათასამდე ადამიანი იცრება.