Tbilisi Open Air პირველად 11 წლის მანძილზე გაუქმდა

© photo: SputnikTbilisi Open Air
Tbilisi Open Air - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადრე ორგანიზატორებს იმედი ჰქონდათ, რომ ფესტივალის ჩატარება შემოდგომაზე მაინც მოხერხდებოდა, მაგრამ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამის საშუალებას არ იძლევა.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air, რომელიც ივნისში უნდა გამართულიყო, პირველად 11 წლის მანძილზე კორონავირუსის გამო გაუქმდა, წერენ ორგანიზატორები.

მომდევნო ფესტივალი 2021 წლის 25-27 ივნისს გაიმართება. მათ, ვინც ბილეთები ან აბონემენტები უკვე შეიძინა, შეუძლიათ ისინი დააბრუნონ ან შემოინახონ მომავალი წლისთვის.

„სამწუხაროდ, 2020 წელი უკვე ნამდვილად აღარ გვაძლევს იმის საშუალებას, ვიყოთ ისეთი თავისუფლები, როგორებიც ყოველწლიურად ვართ ხოლმე Tbilisi Open Air-ზე. ეს შეგრძნება თავისუფლებისა ჩვენს ცნობიერებაში Music Breaks Free სლოგანადაა ამოტვიფრული და არნახულ ძალასა და სტიმულს გვაძლევს... მიგვაჩნია, რომ თქვენს უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი არაფერია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ფესტივალი Lisi Wonderland-ის ტერიტორიაზე უნდა გამართულიყო, მსმენელის წინაშე უნდა გამოსულიყვნენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი შემსრულებლები.

ჯგუფი OneRepublic - Sputnik საქართველო
პანდემიის გამო ჯგუფ OneRepublic-ის კონცერტი საქართველოში 2021 წლისთვის გადაიდო

მსმენელის წინაშე უნდა წარმდგარიყვნენ ამერიკელი მომღერალი ლაურა პერგოლიცი (LP), ამერიკული მუსიკალური პროექტი Polo and Pan, მუსიკოსი Apparat, ამერიკული ალტერნატიული როკ-ჯგუფი She Wants Revenge. დაგეგმილი იყო ასევე ბელარუსული ჯგუფი Molchat Doma, გერმანელი დიჯეი რობაგ ვრუმე და სხვ.

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, მომავალ წელს ამ „ლაინაპს“ დაემატება კიდევ რამდენიმე უცხოელი და ადგილობრივი მუსიკოსი. მათი ვინაობა 2021 წლის გაზაფხულზე გახდება ცნობილი.

Tbilisi Open Air თბილისში 2009 წლიდან იმართება და ის რეგიონში ღია ცის ქვეშ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფესტივალია. ამ ხნის მანძილზე მის სცენაზე უმღერიათ ისეთ ცნობილ მუსიკოსებს, როგორიცაა ზემფირა, ДДТ, Placebo, Beth Hart, Black Label Society, Tiger Lilies, Soap and Skin, Morcheeba, Tom Odell და სხვ.

 

ყველა ახალი ამბავი
0