National Geographic Traveller Food: დააგემოვეთ ნავის ფორმის აჭარული ხაჭაპური

© photo: Sputnik / Stringerაჭარული ხაჭაპური
აჭარული ხაჭაპური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრიტანული გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ქართული სამზარეულო მდიდარია ხორცეულით, ქვეყანაში თამადის კულტია, ღვინოს კი ქართულ სუფრაზე განსაკუთრებული ადგილი უკავია.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ქართული ტრადიციული ეროვნული სამზარეულო კვლავ მსოფლიო მასმედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა – საინტერესო სტატია სათაურით „ბათუმი - არომატების სუფრა" გამოაქვეყნა ბრიტანულმა გამოცემამ National Geographic Traveler Food.

სტატიის ავტორი მკითხველს ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნების გაცნობას და გასტრონომიული მოგზაურობის დაწყებას აჭარული ხაჭაპურის დაგემოვნებით ურჩევს.

„საქართველოს კულინარიული რუკის გაცნობა დაიწყეთ ბათუმით – სახასიათო, საპორტო ქალაქით, სადაც სტუმრებს შეუძლიათ დაისვენონ შავი ზღვის პლაჟებზე, აღმოაჩინონ თანამედროვე ხელოვნების სივრცეები და დატკბნენ ძველი ქალაქის არქიტექტურული სილამაზით. ასევე არ დაგავიწყდეთ ბათუმის კაფეებისა თუ ღვინის სარდაფების სტუმრობა და არ გამოტოვოთ აჭარულ სამზარეულოზე სპეციალიზებული რესტორნები", – წერს ჟურნალისტი და დაწვრილებით განმარტავს რამდენად აუცილებელია, რომ ყველამ დააგემოვნოს ნავის ფორმის აჭარული ხაჭაპური.

გებჟალია - Sputnik საქართველო
საქართველოში ეროვნული სამზარეულოს უნიკალური რეცეპტები ააღორძინეს

საინტერესოა, რომ მოწინავე ბეჭდური გამოცემა ბრიტანეთში კულინარიული გიდის ფუნქციას ითავსებს. იგი სისტემატურად აქვეყნებს ექსკურსებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გასტრონომიული ტრადიციების შესახებ, რასაც თან ურთავს ულამაზეს, მადის აღმძვრელ ფოტოებსა და რეცეპტებს. საქართველოს შემთხვევაში კი National Geographic Traveler Food აღნიშნავს, რომ ქართული სამზარეულო „პოპულარობის ზენიტშია".

„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე გაშლილი საქართველო ერთ დროს „აბრეშუმის გზის“ გზაჯვარედინზე მდებარეობდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ვაჭრებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან მის ქალაქებში შემოჰქონდათ სხვადასხვა მადის აღმძვრელი სუნელები თუ მკაფიო არომატები, რასაც, თავის მხრივ, წვლილი შეჰქონდა აქაური სამზარეულოს ჩამოყალიბებაში", – წერს სტატიის ავტორი.

გარდა ამისა, National Geographic Traveler Food საკუთარ გვერდებზე საუბრობს იმის შესახებ, რომ ქართული სამზარეულო მდიდარია ხორცეულით, ქვეყანაში თამადის კულტია, ღვინოს კი ქართულ სუფრაზე განსაკუთრებული ადგილი უკავია.

ყველა ახალი ამბავი
0