თბილისი, 22 ივნისი - Sputnik. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ცნობილი კინოშედევრის „ჯარისკაცის მამის“ სცენარის ავტორის, სულიკო ჟღენტის სახელობის კინომუზეუმი ქალაქ ბათუმში შეიქმნება. ამის შესახებ საუბარია უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
22 ივნისს გამოჩენილ სცენარისტსა და მსახიობს 95 წელი შეუსრულდებოდა. მუზეუმში ასახული იქნება ქართული კინოს ისტორია და თანამედროვე კინოხელოვნების განვითარების ტენდენციები.
გამოჩენილი ქართველი კინოდრამატურგის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა, ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ, სულიკო ჟღენტის მეგობრებმა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებმა.
სულიკო ჟღენტს უდიდესი დამსახურება მიუძღვის ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის წინაშე, ის წლების განმავლობაში მოღვაწეობდა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში და ხელმძღვანელობდა კინოდრამატურგიის პროგრამას.
სულიკო ჟღენტი 1925 წლის 22 ივნისს დაიბადა. დიდი სამამულო ომის დროს მოხალისედ წავიდა ფრონტზე, მსახურობდა საზღვაო–სადესანტო ნაწილებში, ომში მძიმედ დაიჭრა.
იგი იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის" რედაქტორი, არის უკვდავი ფილმების სცენარის ავტორი, მათ შორის: „ჭიაკოკონა", „ჯარისკაცის მამა", „სინათლე ჩვენს ფანჯრებში", „ღიმილის ბიჭები", „ნერგები", „ფესვები", „ბურთი და მოედანი“, „წუთისოფელი“, „რაჭა ჩემი სიყვარული” და სხვ.
გარდაიცვალა 2000 წლის 3 თებერვალს. დაკრძალულია თბილისის დიდუბის პანთეონში.