თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. უახლოეს მომავალში პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს სწავლის დასრულებამდე სავალდებულო სამხედრო სამსახურში წასვლის ვალდებულება გადაუვადდებათ, იუწყება ტელეკომპანია Imedi საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით.
სამინისტროს ცნობით, პროფესიული სასწავლებლების შემთხვევაში, ახალგაზრდებისთვის სავალდებულო სამხედრო გაწვევა მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს და ამ საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
ამ დროისთვის, წვევამდელები, რომლებსაც საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოპოვებული აქვთ პროფესიული სტუდენტის სტატუსი, ვერ სარგებლობენ გაწვევის გადავადების უფლებით, რის გამოც მათ სწავლის პერიოდში უწყდებათ ან უჩერდებათ პროფესიული სტუდენტის სტატუსი.
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი დღეისათვის ჯარში გაწვევის ვალდებულების გადავადებას მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის ითვალისწინებს.
საქართველოში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება აქვთ კოლეჯებს, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.