თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. საქართველოს მუზეუმები 20 ივნისიდან მუშაობის განახლებისთვის ემზადებიან. შესაბამისი ცვლილებები შევიდა მთავრობის დადგენილებაში „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“.
საქართველოში მალე პანდემიის გამო დაწესებული კიდევ ერთი შეზღუდვა მოიხსნება>>
კერძოდ, კულტურული ღონისძიებების მხოლოდ დისტანციური ფორმით ჩატარების შესახებ შესწორებებიდან ამოღებულია სამუზეუმო საქმიანობასთან დაკავშირებული ღონისძიებები.
შესწორება შევიდა ასევე დადგენილების იმ მუხლში, რომელიც არეგულირებს ეკონომიკურ საქმიანობას და კრძალავს სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას. იქ დაემატა ახალი პუნქტი, რომელშიც ნათქვამია, რომ შეზღუდვები არ ვრცელდება სამუზეუმო საქმიანობაზე, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად უნდა განხორციელდეს.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უკვე შეიმუშავა და წარმოადგინა რეკომენდაციები, თუ რა პირობებში იქნება შესაძლებელი შემოქმედებითი და კულტურული ღონისძიებების ჩატარება კორონავირუსის პანდემიის დროს.
რეკომენდაციები მოიცავს დეზინფექციის ჩატარებას და ჰიგიენის წესების დაცვას რეპეტიციებისა და სხვა შემოქმედებითი ღონისძიებების დროს, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას ისეთი მასობრივი ღონისძიებებისთვის, როგორებიცაა სპექტაკლები და კონცერტები.
რეკომენდაციები კულტურის ობიექტების ადმინისტრაციას ავალდებულებს შენობებში თუ ტერიტორიაზე ხალხის ნაკადის გაკონტროლებას. ვიზიტორები ღონისძიებას შეიძლება დაესწრონ მხოლოდ ნიღბებით და უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია. დახურულ საგამოფენო დარბაზში ყოველ 5 კვადრატულ მეტრ ფართობზე მხოლოდ ერთი ვიზიტორი დაიშვება.
გიდის მომსახურების შემთხვევაში ექსკურსიის ხანგრძლივობა დახურულ სივრცეში არ უნდა აღემატებოდეს 1 საათს, ხოლო ვიზიტორთა ჯგუფში ადამიანების რაოდენობა 10-ს იმ პირობით, რომ მათ შორის სოციალური დისტანცია იქნება დაცული.
მუზეუმებმა, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მუშაობა ჯერ კიდევ მარტში შეწყვიტეს. საკარანტინო შეზღუდვების შემსუბუქება 27 აპრილიდან დაიწყო. 15 ივნისიდან საქართველოში ოფიციალურად გაიხსნა შიდა ტურიზმი.