თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ყველას ურჩია თავი შეიკავონ ნაჩქარევი დასკვნებისგან და დაელოდონ გამოძიების შედეგებს. საუბარია ცნობილი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების საქმეზე.
„ჩვენი ამოცანაა, გვქონდეს სრულფასოვანი სურათი იმაზე, რაც მოხდა და რა აღკვეთა სამართალდამცავმა სისტემამ. უნდა დავმშვიდდეთ და მივცეთ სამართალდამცავ სისტემას შესაძლებლობა, საქმე სრულყოფილად, უსწრაფეს დროში გამოიძიოს და სრულყოფილი ინფორმაცია მოგვცეს“, - განაცხადა გახარიამ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ დაადასტურა, რომ თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, ვინმე ვ. ბ., რომელიც შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეში ფიგურირებს.
სუს-ის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა ტელეეთერში, რომ საუბარია შეკვეთილ მკვლელობაზე და დაკავებული გეგმავდა ტელეწამყვანი გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას, რომელმაც გასული წლის ზაფხულში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირდაპირ ეთერში უწმაწური სიტყვებით შეურაცხყოფა მიაყენა.
„თითოეულმა ჩვენმა სიტყვამ, ქმედებამ, შეფასებამ შესაძლებელია, რომ ზიანი მიაყენოს გამოძიებას“, - განაცხადა პრემიერმა.
იგეგმებოდა თუ არა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია? რას ამბობს უსაფრთხოების სამსახური >>
„ასეთ მძიმე დანაშაულს კი არა, ბევრად უფრო მარტივ შემთხვევებს მოჰყვება უამრავი პოლიტიკური სპეკულირება და პოლიტიკური შლეიფი. გასაგებია, რომ ჩვენ საარჩევნო პროცესში ვართ, პოლიტიკური ტემპერატურა იწევს, ყველა შეეცდება, ამ საკითხის გამოყენებას თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის... სამწუხაროდ, ამას პოლიტიკური იერსახე დასდევს“, - აღნიშნა გახარიამ.