თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას 20 ივნისს არაფერი შეუშლის ხელს და თბილისს არავინ ჩაკეტავს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
თბილისის ცენტრში 20 ივნისს დაახლოებით 30 ოპოზიციური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია საპროტესტო აქციის გამართვას აპირებს. აქცია გასულ წელს მომხდარი მოვლენების წლისთავს ეძღვნება, როდესაც საპროტესტო აქცია ხელისუფლებამ პარლამენტის იერიშით აღების მცდელობად შეაფასა და რომელიც აქციის დაშლით დასრულდა. საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკების შედეგად დაშავდა 240 ადამიანი.
ამ აქციასთან დაკავშირებით თბილისში გავრცელდა ხმები, რომ 20 ივნისს დედაქალაქს კორონავირუსის გამო ჩაკეტავენ.
„ჩვენს საზოგადოებაში აქტიურად განიხილება, რომ 20 ივნისისთვის თბილისი შეიძლება ჩაიკეტოს. სასაცილოა. ეპიდემიის ადაპტაცია მოვახდინეთ და ახლა ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სწორად ვმართოთ. არანაირი მონაცემები იმისთვის, რომ 20 ივნისისთვის თბილისი ან რაღაც ჩაიკეტოს, არ არსებობს. ჩვენი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას არაფერი არ ემუქრება“, – განაცხადა გახარიამ.
ამასთან, მან გაიხსენა გასული წლის მოვლენები და აღნიშნა, რომ პარლამენტის შტურმში ეჭვმიტანილების უმრავლესობამ უკვე აღიარა თავისი ბრალი.
„20 ივნისთან დაკავშირებით საგამოძიებო პროცედურები ყველა საქმეზე დასრულებულია, სასამართლოს ეტაპზეა ახლა ეს ყველაფერი. როგორც ვიცი, პარლამენტის შტურმით და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული პირების 99%-მა დანაშაული აღიარა და შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს. მერწმუნეთ, ნებისმიერ სხვა დასავლურ ქვეყანაში მსგავსი რამ რომ მომხდარიყო, ამას ექნებოდა სულ სხვა სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგები. ზოგ ნაწილში სამართლებრივი, ზოგ ნაწილში – პოლიტიკური“, – განაცხადა პრემიერმა.
20 ივნისის აქცია: ოპოზიციის გეგმები და კორონავირუსის პანდემია>>
სამართლებრივი შედეგი უკვე დადგა, ხოლო პოლიტიკურ შედეგს ოქტომბრის არჩევნებში ვიხილავთ, დასძინა მან.
ამასთან, გახარიამ აღიარა, რომ პასუხისმგებელია გასული წლის 20 ივნისს მომხდარ მოვლენებზე.
„ხელისუფლების პასუხისმგებლობა იყო, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შტურმით აღება არ დაეშვა. ამ პასუხისმგებლობის განხორციელებისას გარკვეული სამწუხარო შედეგები დადგა ყველა ჩვენგანისთვის, პირველ რიგში, ჩემთვის. მაგრამ ეს ხომ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, რომლის ფუნქციასაც მე ვასრულებდი, პირდაპირი პასუხისმგებლობა იყო“, – განაცხადა გახარიამ.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ იმ ღამის მოვლენებიდან საქართველოში გარდამავალმა დემოკრატიამ გაკვეთილი უნდა გამოიტანოს.
„კონცეპტუალურად და პოლიტიკურად თუ ჩვენ ამ ყველაფრიდან გამოვიტანთ ისეთ გაკვეთილს, რომელიც ჩვენს მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაში, მომავალი თაობების, მაგალითად, ჩემი შვილის პოლიტიკურ ცხოვრებაში აღარ გამეორდება საქართველოს პარლამენტზე თავდასხმა პოლიტიკური მიზნის მისაღწევად, ეს უკვე საკმაოდ სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და, მერწმუნეთ, მე, როგორც ცალკე აღებული რიგითი მოქალაქე, ამით დავკმაყოფილდები“, – განაცხადა გახარიამ.
მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებები მხოლოდ არჩევნების გზით უნდა მოხდეს.
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების მთავარი პრეტენზია გახარიასა და მმართველი პარტიის მიმართ იყო იმ პოლიციელების დაუსჯელობა, რომელთა ქმედებებმაც ადამიანების დაშავება გამოიწვა, ხოლო ორმა ახალგაზრდამ რეზინის ტყვიებისგან თვალი დაკარგა.