თბილისი, 15 ივნისი - Sputnik. ვარკეთილში ე.წ. „თათრების ბაზრობაზე“ გაჩენილ ხანძარს 25 სახანძრო ბრიგადა ებრძვის, განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ.
„ბაზრობაზე, კალაუბნისა და ჯავახეთის კვეთაზე იწვის ბაზრობა, ფართობი არის ძალიან დიდი. ადგილზეა მობილიზებული 21 სახანძრო ავტოსისტემა, ასევე, ჯგუფები დამატებით გამოგზავნილი არის რუსთავიდან და წყნეთიდან. მეხანძრე-მაშველები აკეთებენ ყველაფერს, რათა მოხდეს ცეცხლის მაქსიმალურად მალე ლოკალიზება“, - განაცხადა კერესელიძემ.
პირველი არხის ინფორმაციით, ახლომდებარე კორპუსებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ტერიტორიის პერიმეტრი გადაკეტილია, ირგვლივ მიმდებარე კორპუსების მოსახლეობაა შეკრებილი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ჯიხურების მეპატრონეები საქონლის გადარჩენას ცდილობენ. სიტუაციას ართულებს ის, რომ ხანძრის კერასთან ახლოს მდებარეობს ბენზინგასამართი სადგური.