თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის შახტებში ქვანახშირის მოპოვება, ორკვირიანი "შესვენების" შემდეგ, 17 ივნისიდან განახლდება, აცნობეს „Sputnik-საქართველოს" მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირებში.
ათასამდე მაღაროელმა მინდელის სახელობის შახტში 9 ივნისს მომხდარი ინციდენტის შემდეგ მუშაობა შეწყვიტა – 22 მაღაროელი რამდენიმე საათის განმავლობაში ლიფტში იყო გაჭედილი და გამოსვლას ვერ ახერხებდა. მაღაროელებმა დამსაქმებლისგან მოითხოვეს ლიფტების შეკეთება და საშემოსავლოს გადახდა, რომლისგანაც მთავრობამ ისინი ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გაათავისუფლა.
სამუშაო ადგილებზე დაბრუნების გადაწყვეტილება მაღაროელებმა დღეს მიიღეს. გაფიცვისა და ორკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ მაღაროელებმა და კომპანიის ადმინისტრაციამ შეთანხმებას მიღწიეს.
„საქნახშირის" ადმინისტრაციამ უსაფრთხოების ზომების გაძლიერების, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მტკიცე პირობა დადო. რაც შეეხება იძულებითი გაჩერების გამო კომპენსაციების გაცემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს – გრძელდება. 27 აგვისტოდან კომპანია დაიწყებს ტექნიკურ გადაიარაღებას, მაღაროელების პროფესიულ გადამზადებას და ხელფასებს გაზრდის", – აღნიშნავენ პროფკავშირებში.
გარდა ამისა, შახტში ინციდენტის შემდეგ კომპანიამ ვითარების შესასწავლად ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სპეციალური სამსახური მიიწვია.
აღნიშნული სამსახურის წარმომადგენლებმა სამუშაო ადგილებზე 29 მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო კრიტიკული შეუსაბამობა აღმოაჩინეს. კომპანიას მათ აღმოსაფხვრელად კონკრეტული ვადა მიეცა. თუმცა, დასკვნაში არაფერია ნათქვამი სამუშაო პროცესის განახლების დაუშვებლობის შესახებ, ამიტომაც კომპანიამ მაღაროელებს შახტებში დაბრუნებისკენ მოუწოდა, თავის მხრივ კი ყველა პრობლემის გადაჭრის პირობა დადო.
დღეს ტყიბულში ორი შახტია – მინდელის და ძიძიგურის. დანარჩენი 25 კარიერი 2018 წლის ივლისიდან, მესამე ტრაგედიის შემდეგ არ მუშაობს.
2018 წლის 5 აპრილს ექვსი მეშახტე დაიღუპა, 2018 წლის 2 ივნისს – ორი, 2018 წლის 16 ივლისს კი – ოთხი. მათი გარდაცვალების მიზეზი სხვადასხვაა – მეთანის აფეთქება, კედლების ჩამოშლა.
მას შემდეგ, რაც გერმანულმა კომპანიამ რისკები შეაფასა, 2019 წლის ოქტომბერში მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებმა მუშაობა განაახლეს ახალი ინვესტორის – ქართულ-უკრაინული კომპანიის Coal of Georgia ხელმძღვანელობით.