თბილისი 16 ივნისი – Sputnik. თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, 68-ში მდებარე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის (საზმაუ) ძველი შენობა აუქციონზე გაიყიდება.
დღეს შედგა საზმაუს სამეურვეო საბჭოს სხდომა, სადაც შენობის აუქციონზე გატანის საკითხს ერთხმად დაუჭირეს მხარი. აღნიშნული უძრავი ქონების შეძენის მსურველებს განაცხადის შესატანად 30-დღიანი ვადა აქვთ.
მყიდველი ტერიტორიის განკარგვას ტელევიზიის ახალი შენობის მშენებლობის დასრულების შემდეგ შეძლებს, იუწყება პირველი არხი.
საზმაუ-მ ახალი შენობის ასაშენებლად ტენდერი უკვე გამოაცხადა. სამშენებლო ნებართვა თბილისის მერიის არქიტექტურულმა სამსახურმა უკვე გასცა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა ვაკე-საბურთალოს რაიონში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე აშენდება, პროექტის სავარაუდო ღირებულება 46,8 მილიონ ლარს შეადგენს. მშენებლობისთვის გამოყოფილია ორი ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთი.
საზმაუ-ს ამჟამინდელი შენობა კოსტავას ქუჩაზე ავარიულ მდგომარეობაშია. სამეურვეო საბჭომ ჯერ კიდევ 2017 წელს მიმართა ეკონომიკის სამინისტროს, რომელმაც მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის საკითხი გადაჭრა.
უკვე დამტკიცებულია შენობის გარეგანი იერ-სახე - საპროექტო შეთავაზება შეირჩა Facebook-ზე გამართულ კენჭისყრაზე, გაიმარჯვა შპს „თბილქალაქპროექტის“ ვარიანტმა.