თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საქართველოში COVID-19-ის ე.წ. მსუბუქი შემთხვევების რიცხვი მატულობს, განაცხადა ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, საქართველოში არსებული ეპიდემიური ვითარების მეორე მიმოხილვა ხვალ, 16 ივნისს უნდა გამოქვეყნდეს.
„დღეს, საღამოს ან ხვალ, ალბათ, გამოქვეყნდება ჩვენი მეორე მიმოხილვა და ნახავთ, რომ, საშუალო და მძიმე შემთხვევებთან შედარებით, მატულობს ე.წ. მსუბუქი შემთხვევების რიცხვი. ახალი დადასტურებული შემთხვევებიც, შემიძლია გითხრათ, რომ კლინიკურად შედარებით უფრო დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს", – განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობის ზრდა, რაც ამ ბოლო ხანს შეინიშნება, მოულოდნელი არ ყოფილა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ქვეყანაში ეკონომიკის გახსნისა და მობილურობის ზრდის ფონზე შემთხვევების მატება ბუნებრივი მოვლენაა და ამ ეტაპზე ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა მოქალაქეებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.
„ის, რაც ბოლო 4-5 დღის განმავლობაში ხდება, როდესაც ჩვენ გვაქვს 9, 11, 13, 14, 15 შემთხვევა ყოველდღიურად, ეს, პრინციპში, პროგნოზირებადი იყო, ეს არ არის მოულოდნელობა. პროგნოზირებადი იყო იმ თვალსაზრისით, რომ, მოგეხსენებათ, ეკონომიკა იხსნება, მეტი მობილობაა და ეს ასე უნდა ყოფილიყო. მაგრამ ეს არ არის არც პანიკის, არც რაღაც შეშფოთების საფუძველი. თუმცა სიფრთხილე აუცილებლად გვმართებს. ეს ყველაფერი მართვადია. ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში კონტროლირებადია და ამ ტიპის სვლით ჩვენ არაფერი პრობლემა არ შეგვექმნება. ჯანდაცვის სისტემა მართავს ამ ინფიცირებულებს", – განაცხადა გამყრელიძემ.
რაც შეეხება კორონავირუსის მეორე ტალღას, რომელზეც ამდენი საუბარია, გამყრელიძის თქმით, ვირუსი აქტიურ ფაზაში შეიძლება ოქტომბრის მეორე ნახევარში შევიდეს გრიპთან და რესპირატორულ ვირუსებთან ერთად.
მან განაცხადა, რომ რიგი მეცნიერები ვირუსის აგრესიულობის თანდათანობით შემცირებას აღნიშნავენ.
ამირან გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ მთავრობამ უნდა მიიღოს ახალი დადგენილება, რომელიც PCR-ტესტების რაოდენობის გაზრდას და იმ მოქალაქეების კატეგორიების გაფართოებას ეხება, რომლებიც რისკ–ჯგუფებს განეკუთვნებიან. შედარებისთვის: ტესტირების საშუალო მაჩვენებელი თებერვალში იყო 27, მარტში – 73, აპრილში – 473, ხოლო მაის–ივნისში ყოველდღიურად 1480–1500. ტესტების რაოდენობის გაზრდა ინფიცირებულთა ადრეულ ეტაპზე გამოვლენას ისახავს მიზნად.
მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ინფცირებულთა რაოდენობა 15-ით გაიზარდა და 879-ს მიაღწია. გამოჯანმრთელებულია 704 ადამიანი, გარდაცვლილია – 14, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2795, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 252 პაციენტია.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.