თბილისი, 15 ივნისი - Sputnik. გერმანია პოზიტიურად აფასებს საქართველოსთან მიმოსვლის განახლების საკითხს, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან ტელეფონით საუბრისას დადებითად შეაფასა საქართველოში პანდემიის შეკავების პროცესი.
გერმანიამ საქართველოს პირბადეები და სადეზინფექციო ხსნარი აჩუქა >>
საგარეო პოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელებმა განიხილეს ასევე ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები და მათი განვითარების პერსპექტივები.
მაასმა ხაზი გაუსვა ასევე რეგიონში სოლიდარობის მნიშვნელობას როგორც უსაფრთხო გარემოს შენარჩუნების, ისე კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების თვალსაზრისით.
ზალკალიანმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა გერმანულ მხარეს დახმარებისთვის, რომელიც მან საქართველოს აღმოუჩინა, პირველ რიგში, უშუალოდ ვირუსის გავრცელების ეტაპზე გამოწვეული პრობლემების გადაჭრაში, ისე პანდემიით გამოწვეული გრძელვადიანი შედეგების აღმოსაფხვრელად.
ზალკალიანი და მაასი შეთანხმდნენ, რომ პოსტკრიზისულ პერიოდში ერთ-ერთი მთავარი მიზანია ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება.
ზალკალიანის თქმით, საქართველო აქტიურად მუშაობს უსაფრთხო ტურიზმის მიმართულებით და ემზადება ტურისტების ეტაპობრივად მისაღებად ე.წ. „მწვანე დერეფნების“ დახმარებით და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო გერმანელი ვიზიტორებისთვის ტურისტული მიმართულების თვალსაზრისით ტრადიციულად მიმზიდველი ქვეყანა იქნება.
თავის მხრივ, მაასმა აღნიშნა, რომ გერმანია მუშაობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობის რეკომენდაციებზე და მას შემდეგ, რაც ევროკავშირი უახლოეს მომავალში ერთიან მიდგომას ჩამოაყალიბებს, მათ შორის, საქართველოს მიმართაც პოზიტიურ ჭრილში, კავშირის განახლების საკითხიც განიხილება.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განსახილველი თემა იყო თანამშრომლობა და მომავალი გეგმები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წლის 1 ივლისიდან გერმანია ექვსი თვით გახდება ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე. ზალკალიანმა მაასს გააცნო საქართველოს პოზიციები და მოლოდინები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მიმართ.
გერმანიამ და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. სწორედ მაშინ გაიხსნა საქართველოში გერმანიის საელჩო. იმ დროიდან მოყოლებული ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, უსაფრთხოების, კულტურის, განათლებისა და მრავალ სხვა სფეროში.