თბილისი, 13 ივნისი - Sputnik. გასულ დღე-ღამეში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 706 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 114 ადამიანი გარდაიცვალა, 5 271 ადამიანი გამოჯანმრთელდა, განუცხადეს ჟურნალისტებს ინფექციასთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში.
აღსანიშნავია, რომ 2 970 ადამიანს (34,1%-ს) არ აქვთ კლინიკური გამოვლინება. ცნობილია, რომ ახალი შემთხვევები გამოვლინდა 84 რეგიონში, ყველაზე მეტი - მოსკოვში - 1 493. კიდევ 725 - მოსკოვის ოლქში, 262 - სანქტ-პეტერბურგში, 245 - სვერდლოვის ოლქში, 228 - ვორონეჟის, 218 - ნიჟეგოროდის.
პარასკევს ვრცელდებოდა ინფორმაცია COVID-19-ის 8 987 ახალი შემთხვევის შესახებ. ეპიდემიის დაწყებიდან კორონავირუსი 520 129 ადამიანს გამოუვლინდა, აქედან 6 829 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 274 641 პაციენტი.
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მიხედვით რუსეთი მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს. ლეტალური შემთხვევების მიხედვით პირველია აშშ (115 ათასი გარდაცვლილი), შემდეგ მოდის დიდი ბრიტანეთი, ბრაზილია, იტალია, საფრანგეთი და ესპანეთი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-ის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სტატისტიკით, COVID-19 7,6 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდგინდა, თითქმის 425 ათასი გარდაიცვალა, დაახლოებით 3,6 მილიონი პაციენტი გამოჯანმრთელდა.