ანრი ოხანაშვილი: დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დამრღვევი 20 ლარით დაჯარიმდება
„იმისათვის, რომ მეორე ტალღა და უკონტროლო სიტუაცია არ მივიღოთ, სასიცოცხლოდ აუცილებელია ამ ვირუსის გავრცელება მაქსიმალურად შევაფერხოთ. ერთ-ერთი ეფექტური მექსანიზმი გახლავთ პირბადის ტარება. ჩვენ შემოგვაქვს რეგულაციები, რომ პირბადის ტარება იყოს სავალდებულო დახურულ საჯარო სივრცეებში. იმ შემთხვევაში, თუ პირი არ დაიცავს პირბადის ტარების წესს, დაექვემდებარება ოცლარიან ჯარიმას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელთა შესაბამისადაც დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას პირბადის ტარება სავალდებულო გახდება, დღეს საქართველოს პარლამენტი კენჭს მესამე მოსმენით უყრის. კანონპროექტის თანახმად, პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვებისთვის იურიდიული პირი დაჯარიმდება 500 ლარით.