თბილისი 10 ივნისი – Sputnik. ერთსქესიანთა ქორწინების თემაზე დისკუსიას ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ფსიქოლოგი ფიქრობს, რომ ზოგადად ქორწინება საერთოდ საჭირო არაა და მისი გაუქმება ბევრ არასასიამოვნო პროცესს ააცილებდა თავიდან ადამიანებს.
„საჭირო რომ ყოფილიყო, თავიდანვე დაქორწინებულებს გაგვაჩენდა ღმერთი. ხომ ვეგდეთ პლაცენტაში მარტოები და ხომ ჩაგვაგდებენ საფლავში მარტოებს, ხოდა „დასტოინად“ რა. ვემხრობი ინიციატივას, საერთოდ გაუქმდეს ქორწინება“, – წერს ფსიქოლოგი.
რამდენიმე დღის წინ პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ლგბტ თემის უფლებები „ძალიან კარგადაა“ დაცული და ისე არ უნდა მოხდეს, რომ უმცირესობამ უმრავლესობის უფლებები შელახოს. ამ თემაზე მან „TV პირველის“ ეთერში ისაუბრა.
პოლიტიკოსმა ჟურნალისტის კითხვას, რას ფიქრობს ლგბტ თემისთვის ქორწინებისა და შვილად აყვანის უფლების მინიჭებაზე, უპასუხა, რომ სჯერა – შვილი დედამ და მამამ უნდა აღზარდოს.
ამავე თემაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ „ლელო“ ერთსა და იმავე სქესის ადამიანებს შორის ქორწინებას მხარს არ უჭერს.
პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე „ლელოს“ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ერთსქესიანი ადამიანების ქორწინების დაკანონებას და მათი ოჯახების მიერ შვილების აყვანას მხარს უჭერს.