„თავიანთი ბრალია“: „საქნახშირის“ დირექტორი ინციდენტზე პასუხისმგებლობას მუშებს აკისრებს

© photo: Sputnik / Stringerმეშახტე
მეშახტე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის შახტებში უკვე მეორე დღეა, ნახშირი არ მოიპოვება, რადგან მაღაროელებს შახტებში ჩასვლის ეშინიათ.

თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. კომპანია „საქნახშირში“, რომელიც ტყიბულის შახტებს მართავს, აცხადებენ, რომ ინციდენტი მინდელის შახტში თავად მაღაროელების მიერ უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო მოხდა, იუწყება „პირველი არხი“.

ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის შახტებში ორი დღეა, სამუშაოები შეწყვეტილია. მეშახტეების თქმით, ორი დღის წინ შახტში გაიჭედა ლიფტი და ისინი დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გაჭედილი იყვნენ.

კომპანია „საქნახშირის“ ხელმძღვანელობა მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას მეშახტეებს აკისრებს. მათი ინფორმაციით, დასაქმებულებმა შახტიდან ამოსვლა ორი საათით ადრე გადაწყვიტეს და არავინ გააფრთხილეს, იმ დროს კი ე.წ. დამხმარე ჭაური გადართული იყო ტვირთის გადაზიდვის რეჟიმზე.

შახტი ტყიბულში - Sputnik საქართველო
სიცოცხლისთვის საშიშია: ტყიბულელი მაღაროელები მეორე დღეა, შახტებში არ ჩადიან

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, შახტების ტექნიკური გადაიარაღების თვალსაზრისით სრული რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. შახტში არსებულ ვითარებას კი ტექნიკური ზედამხედველობის სპეციალური ჯგუფი შეისწავლის.

ახლა მაღაროელები დამსაქმებლისგან მოითხოვენ ლიფტების შეკეთებასა და საშემოსავლოს გადახდას, რომლისგანაც მთავრობამ ისინი ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გაათავისუფლა.

დღეს ტყიბულში ორი შახტია - მინდელის და ძიძიგურის. დანარჩენი 25 კარიერი 2018 წლის ივლისიდან, მესამე ტრაგედიის შემდეგ არ მუშაობს.

2018 წლის 5 აპრილს ექვსი მეშახტე დაიღუპა, 2018 წლის 2 ივნისს - ორი, 2018 წლის 16 ივლისს კი - ოთხი. მათი გარდაცვალების მიზეზი სხვადასხვაა - მეთანის აფეთქება, კედლების ჩამოშლა.

მას შემდეგ, რაც გერმანულმა კომპანიამ რისკები შეაფასა, 2019 წლის ოქტომბერში მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებმა მუშაობა განაახლეს ახალი ინვესტორის - ქართულ-უკრაინული კომპანიის Coal of Georgia ხელმძღვანელობით.

 

ყველა ახალი ამბავი
0