თბილისი, 10 ივნისი - Sputnik. კრიმინალური ავტორიტეტის მინდია გორაძის, მეტსახელად „ლავასოღლის“ მხარდამჭერებმა ბათუმში თურქეთის საკონსულოსთან კარვები გაშალეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
აჭარის პროკურატურასთან უკვე მე-10 დღეა იმართება აქცია, რომლის მონაწილეებიც „ლავასოღლის“ თურქეთიდან საქართველოში ექსტრადირებას მოითხოვენ. 17-მა პირმა შიმშილობა დაიწყო, ოთხმა კი პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.
მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები და ახლობლები თურქეთის კონსულთან შეხვედრას და პასუხს ითხოვენ, თუ როდის მოხდება ლავასოღლის ექსტრადიცია.
„ლავასოღლის თურქეთში დანაშაული არ ჩაუდენია, ის იმყოფება ციხეში სამუდამო პატიმრობამისჯილ ადამიანებთან მძიმე მდგომარეობაში. თურქეთის მხარისგან მოვითხოვთ, გადაიყვანონ საექსტრადიციო პირობებში“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე.
„ლავასოღლის“ და ირინა გორაძე ამბობს, რომ გენერალურ პროკურატურაში შეხვედრაზე კონკრეტული პასუხები ვერ მიიღო.
„მე პასუხი მივიღე, რომ 2018 წელს საქართველომ ექსტრადიციის მოთხოვნა გაგზავნა, მას შემდეგ არაფერი გაკეთებულა. გვითხრეს, რომ დაწყებულია მოლაპარაკება ორ ქვეყანას შორის. მოვითხოვ, საქართველოს ხელისუფლებამ მოსთხოვოს თურქეთის რესპუბლიკას, ჩემი ძმის გადმოცემა“, – განაცხადა ირინა გორაძემ.
ბათუმში თურქეთის საკონსულოსთან პოლიციაა მობილიზებული. შენობას ისინი კორდონით იცავენ.
ამ მომენტისთვის მინდია გორაძე თურქეთში ექსტრადიციულ პატიმრობაში იმყოფება. „ლავასოღლი“, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ინტერპოლის ხაზით ეძებდა, 2018 წლის ოქტომბერში ტრაპიზონში დააკავეს.
პროკურატურის მონაცემებით, 2014-2015 წლებში „ლავასოღლის“ კავშირი ჰქონდა საქართველოში მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებთან, იღებდა მათგან ინფორმაციას კრიმინალურ სამყაროში არსებულ ვითარებაზე და აძლევდა მითითებებს თავისი გავლენის გასაძლიერებლად. იგი მონაწილეობდა ასევე ქურდული „ობშჩაკის“ შეგროვებაში.
„ლავასოღლის“ მეგობრებმა პროტესტის ნიშნად პირები ამოიკერეს >>
2019 წლის აპრილში ბათუმის საქალაქო სასამართლომ გორაძეს დაუსწრებლად შეუფარდა 10 წლით პატიმრობა ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო. კიდევ უფრო ადრე, 2018 წლის ივლისში ბათუმის საქალაქო სასამართლომ გორაძე დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ მუხლებით: „კანონიერი ქურდობა“, „ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზება“ და „ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა“ და 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 2019 წლის თებერვალში ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა.