თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ექს-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავენ, იუწყება TV Pirveli.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ახალი პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ წევრები ყოფილ პრემიერთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ამასთან, მოარული ხმებით, საკუთარი პოლიტიკური მომავლის „ლელოსთან“ დაკავშირებას ცდილობს მარგველაშვილიც.
„ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური შეხედულებები ექს-პრეზიდენტის შეხედულებებს ემთხვევა.
„ჩვენი შეხედულებები იმის შესახებ, რომ ქვეყანა ჩიხში შევიდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა დაასამარა, აბსოლუტურად იდენტურია“, – განაცხადა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან.
მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2013–2018 წლებში იყო. თავის დროზე მან არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დახმარებით გაიმარჯვა, თუმცა პრეზიდენტის პოსტზე იგი მოქმედ ხელისუფლებასთან ღია კონფრონტაციით დაამახსოვრდა საზოგადოებას.
საპრეზიდენტო უფლებამოსილების დასრულების შემდეგ მარგველაშვილი დუშეთში, საკუთარ სახლში დასახლდა, რომლის ნაწილსაც ტურისტებზე იჯარით გასცემდა. ბოლო პერიოდში იგი რამდენჯერმე გამოჩნდა ოპოზიციისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების საპროტესტო მიტინგებზე, როგორც რიგითი მონაწილე.
რაც შეეხება კვირიკაშვილს, მან მთავრობის მეთაურის პოსტი 2018 წელს დატოვა, მას შემდეგ, რაც გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) 2017 წლის კვლევები გაავრცელა, რომლის თანახმად, საქართველოში ღარიბების რაოდენობა ბოლო ორ წელიწადში 2,1%-დან 5%-მდე გაიზარდა. UNICEF-ის ექსპერტებმა ამის მიზეზად ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპი, უმუშევრობა და სამომხმარებლო ფასების ზრდა დააახელეს.
ამასთან, კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ საკუთარი გადაწყვეტილება მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" გუნდთან, მათ შორის, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან გარკვეულ ფუნდამენტურ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობით ახსნა. მისი სიტყვებით, საუბარი ეხებოდა მისი მეთაურობით მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკას. კვირიკაშვილი მთავრობის სათავეში 2015 წლის დეკემბრიდან 2018 წლის ივნისამდე პერიოდში იყო.