„ვარკეთილელ მსროლელს“ პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnikთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასამართლოში ივანოვმა ისაუბრა საკუთარ მძიმე ბავშვობაზე და, აქედან გამომდინარე, მის რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ალექსანდრე ივანოვს, რომელსაც ბრალად ედება იარაღის გამოყენებით ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

მსროლელის დაკავების ოპერაცია თბილისში - Sputnik საქართველო
ვარკეთილში სპეცოპერაცია დასრულდა

ივანოვი სასამართლოს წინაშე 5 ივნისს ვარკეთილში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით წარდგა – საკუთარ ბინაში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა შვილებთან იჩხუბა და სანადირო თოფით ჯერ იატაკს ესროლა, შემდეგ კი ფანჯარაში რამდენჯერმე გაისროლა. საპატრულო პოლიცია ივანოვის ქალიშვილმა გამოიძახა.

ბინაში ჩაკეტილ შეიარაღებულ მამაკაცთან რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ივანოვი სამართალდამცველებს ჩაბარდა.

სასამართლოში ივანოვმა ისაუბრა საკუთარ მძიმე ბავშვობაზე და, აქედან გამომდინარე, მის რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

„დედა რეციდივისტს გაჰყვა ცოლად, რომელიც ჩემ აღზრდაში აქტიურად მონაწილეობდა. ზოგჯერ სულ დალურჯებული ვიყავი, მთელი ბავშვობა შიშში გავატარე. ამ სტრესიდან გამომდინარე ფსიქიკური აშლილობა განმივითარდა. სულიერი მდგომარეობა არ მქონდა კარგად, ამას ვაღიარებ“, – განაცხადა ივანოვმა და სასამართლოს გაუმხილა, რომ დამამშვიდებელ მედიკამენტებს რეგულარულად იღებს.

მოსამართლე რომან ხორავამ ბრალდებულის განცხადება მხედველობაში მიიღო და პატიმრობასთან ერთად მისთვის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებაც მიიღო.

„შეიძლება თქვენ მკურნალობა დაგჭირდეთ. მშვიდად იყავით, ცხოვრება ამით არ სრულდება, თქვენ 45 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ხართ. მშვიდად მიჰყევით ცხოვრებას, მე თქვენ ჯანმრთელობას გისურვებთ“, – განაცხადა მოსამართლე რომან ხორავამ, რომელმაც ივანოვს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მომდევნო სასამართლო სხდომა 28 ივნისს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0