დასვენება ზღვაზე COVID-19-თან ერთად: ჭკვიანი გაჯეტები უსაფრთხოებისათვის

© AFP 2024 / Pascal Guyot დამსვენებლები საფრანგეთის სანაპიროზე
დამსვენებლები საფრანგეთის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მას შემდეგ, რაც ტურიზმის სექტორისთვის პოსტკოვიდური რეგულაციები დამტკიცდა, ვთანხმდებით იმაზე, რომ წელს ზღვაზე განსხვავებულად მოგვიწევს დასვენება.

სინამდვილეში, ამ დრომდე არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ წყალში ცურვა ვირუსის გავრცელებას შეუწყობს ხელს, თუმცა მოგვიწევს ზღვის სეზონი მოდიფიცირებულად ჩავატაროთ, ანუ „თავისუფლების“ გარეშე.

„თავისუფლების შეზღუდვა“ კი გულისხმობს იმ რეგულაციებს, რაც პლაჟზე დამსვენებელმა უნდა გაითვალისწინოს: დისტანცია და ჰიგიენა.

ზღვაზე დასვენება არ ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც ახლო დისტანციაზე ვიყოთ ადამიანებთან, მით უმეტეს, თუ ისინი თქვენი ოჯახის წევრები არ არიან და გარეშე ადამიანები არიან, და არ იცით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ზღვის წყალი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. საფრთხის შემცველია ადამიანის მიერ გამოფრქვეული წვეთები, თუ ის ინფიცირებულია COVID-19-ით. ეს წვეთები შეიცავს ვირუსს და თუ ძალიან ახლოს აღმოჩნდით ასეთ ადამიანთან ამ შემთხვევაში შეიძლება თქვენი ინფიცირების მიზეზი გახდეს.

ასე რომ, როცა პლაჟზე ორი მეტრის რადიუსზე არავინ გეგულებათ, დასვენებისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან გვაქვს მრავალფეროვანი სიახლეები, რომლებიც თქვენ დროს დაუვიწყარს გახდის და COVID-19-თან ერთად დასვენებას შეგიმსუბუქებთ.

Snapchat Spectacles - მზის სათვალე კამერით

Snapchat-ის ინოვაციური გამოგონება მოკლემეტრაჟიანი ვიდეორგოლების გადაღების საშუალებას იძლევა. ზღვაზე ლამაზი მოგონებების აღსაბეჭდად შექმნილი მზის სათვალე ვიდეოს 1216x1216 რეზოლუციით იღებს, ხოლო ფოტოს 1642x1642 პიქსელით. მეხსიერება 4 გბ აქვს. მზის სათვალე ჩანთაში დიდ ადგილს არ იკავებს. სახლში დაბრუნებულებს კი შეგიძლიათ ტკბილი მოგონებების „სქროლვა“.

ზღვის ფერადი საზურგე

თუ პანდემიის პირობებში ჰიგიენის დაცვის მიზნით სხვისი გამოყენებული შეზლონგის დაქირავება არ გსურთ, ზღვის ფერადი საზურგით ჩანაცვლება ადვილად შეგიძლიათ. მსუბუქი საზურგე პრაქტიკული გამოსაყენებელია პლაჟის ნებისმიერ ადგილზე.

პორტატული მაგიდა

ხის გასაშლელი პორტატული მაგიდის საშუალებით პლაჟზე თავს უხერხულად აღარ იგრძნობთ. მაგიდას გააჩნია ჭრილები და განკუთვნილია ღვინის ბოთლისა და ბოკლების მყარად დასადგმელად. გამოიყენებთ როგორც ქვიშიან, ასევე ქვიან სანაპიროზე, განსაკუთრებით საღამოს პაემნისთვის იდეალური ატრიბუტია.

iSwimBand

გამოცდილმა მშობლებმა კარგად იციან, რომ ბავშვების თვალყურის დევნა საკმაოდ დამღლელი და საპასუხისმგებლოა მით უფრო მაშინ, როცა ზღვისპირა ქალაქში ხართ. როგორი მოუსვენარიც არ უნდა იყოს თქვენი ბავშვი, ახლა უკვე მისი პოვნა მარტივად შეგიძლიათ. გაჯეტი iSwimBand შეიქმნა იმისთვის, რომ აპლიკაციის მეშვეობით დაადგინოს იმ ადამიანის ლოკაცია, რომელსაც მოწყობილობა უკეთია. ლოკაციის დადგენა შესაძლებელია როგორც ხმელეთზე, ასევე წყალში.

ჭკვიანი ბეჭედი Cnick

ქართველმა სტარტაპერებმა ჭკვიანი ბეჭდის შექმნა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მაღაზიის სალაროსთან, სპორტდარბაზის კართან თუ სასტუმროს შესასვლელთან საფულეში ელექტრონული ბარათის ძებნამ დაღალა. NFC ტექნოლოგიის ბეჭედში ჩამონტაჟების გზით ამ ბარათების გაერთიანების იდეამ ბევრი ადამიანი მოხიბლა. როგორც ყველა, ალბათ თქვენც ფიქრობთ პლაჟზე სად შეინახოთ საფულე, სადაც ბარათები და ფული გაქვთ. თუმცა საფულე აღარ არის საჭირო. უცხო ზღვისპირა ქალაქში დამსვენებლისთვის კარგი ფუფუნებაა ათობით ბარათისა და ზედმეტი ქაღალდების გარეშე სეირნობა. ხისგან დამზადებული, ძვირფასი ქვით გაფორმებული Cnick-ის სხვადასხვა მოდელი განსხვავებული ფუნქციებითაა აღჭურვილი. მათ უმეტესობას პირადი ინფორმაციის, მაგალითად, მომხმარებლის სამედიცინო ისტორიის შენახვა, რამდენიმე ლინკის დამახსოვრება და ბილეთად თუ ელექტრონულ გასაღებად ქცევა შეუძლია, ზოგიერთი კი საბანკო გადახდებისთვისაც გამოიყენება.

მართალია, ზაფხული წელს ძალიან დიდხანს მოდიოდა, მაგრამ ბოლოს მაინც მოვიდა. საით გაგიწევიათ ამ ზაფხულს? სადაც არ უნდა გსურდეთ წასვლა, დროის მაქსიმალურად გამოყენებას და მხიარულ დასვენებას გისურვებთ.

ყველა ახალი ამბავი
0