თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. არასწორია იმის თქმა, თითქოს საქართველომ კორონავირუსი დაამარცხა, რამდენადაც გლობალური პანდემიის პირობებში ცალკე აღებული ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს ვირუსის ან ეკონომიკური კრიზისის დამარცხებას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.
პრემიერის სიტყვებით, ხშირად ისმის მცდარი ფორმულირება, რომელიც რეალობას არ ასახავს.
„ჩვენი ძირითადი ამოცანა – პროცესის მართვა, ადაპტაციისა და კონტროლის განხორციელებაა. ერთადერთი, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია, არის რისკების და ვირუსის გავრცელების კონტროლი. ძირითადი ამოცანებია საზღვრებისა და შიდა გავრცელების კონტროლი, სწრაფი გამოვლენა და სწრაფი მკურნალობა“, – განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ცალკე აღებული ვერც ერთი ქვეყანა, განსაკუთრებით, ჩვენი სიდიდის მქონე ქვეყნის ეკონომიკა შიდა მოთხოვნის გენერირებას ვერ მოახდენს, ამიტომაც შეუძლებელია იმის შესახებ საუბარი, რომ საქართველო ეკონომიკურ ჭრილში ამ კრიზისს მარტო გაუმკლავდება. ამ საკითხში ჩვენ გლობალურ ტენდენციებზე ვართ დამოკიდებული, აღნიშნა გახარიამ.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური იუწყება, დღევანდელ სხდომაზე საბჭოს წევრებმა განიხილეს შეზღუდვების მოხსნის მორიგი ეტაპი, რომელიც ძალაში დღეს შევიდა. კერძოდ, მუშაობა განაახლა ყველა სახის რესტორანმა, მოძრაობა დაიწყო საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა, ასევე გაიხსნა ყველა ის სასტუმრო, რომელმაც შესაბამისი ნებართვა მიიღო.
როგორც უწყებათშორისი საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია დადგენილი სტანდარტებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვა, მათ შორის პირბადეების გამოყენება და სოციალური დისტანცია. პრევენციული ღონისძიებების აღსრულებას შესაბამისი უწყებები გააკონტროლებენ.
შეკრებილებმა ასევე იმსჯელეს შეზღუდვების მოხსნის შემდგომ ეტაპზე, რომელიც 15 ივნისიდან ამოქმედდება და გულისხმობს შიდა ტურიზმის ამოქმედებას, ასევე სამგზავრო მატარებლების მოძრაობის აღდგენას. აღინიშნა, რომ აუცილებელია მაქსიმალური სიფრთხილე, რათა ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაძლო გართულება მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.
ამ ეტაპზე მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს მხოლოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – მუშევანსა და გეტაში.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 810-ს მიაღწია, აქედან გამოჯანმრთელდა 683 ადამიანი, 13 კი გარდაიცვალა.