თბილისი, 7 ივნისი - Sputnik. სამშენებლო კომპანია, რომლის ობიექტზე დღეს გადმოვარდნის შედეგად მუშა დაიღუპა, უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის იანვარში 30 ათასი ლარით დაჯარიმდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ბათუმის მერიაზე დაყრდნობით.
ობიექტს შპს „სი ემ სი მეზღვაური“ აშენებს. აღნიშნული კომპანიის მიმართ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მიმდინარე წლის იანვრის თვეში დაწყებულია სამშენებლო ადმინისტრაციული სამართალწარმოება უსაფრთხოების წესების დარღვევაზე.
დღეს, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალწარმოების ფარგლებში, აღნიშნული კომპანია მუნიციპალური ინსპექციის მიერ დაჯარიმდა 30 ათასი ლარით და მიმდინარეობს საქმისწარმოება.
საქართველოს მთავრობის 477-ე და 361-ე დადგენილებების შესაბამისად, ობიექტზე უსაფრთხოების დარღვევის შემთხვევაში ინსპექცია შესაძლებლობას მოკლებულია სამუშაოების შეჩერება მოითხოვოს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.