თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ადგილობრივებმა საძოვრების დაბრუნებით საპროტესტო აქცია გამართეს, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ენგურის ხეობაში, მიწა ქვის გადამამუშავებელმა საწარმომ მიითვისა, რის შედეგადაც სოფლის მოსახლეობამ საძოვრების უმეტესი ნაწილი დაკარგა.
მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავს, რომ საწარმოს არ მისცენ მუშაობის უფლება. ამ მოთხოვნით ისინი ხელმოწერებს აგროვებენ და აცხადებენ რომ დარჩენილი სახნავ-სათესი მიწები და საძოვრები აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს სოფელს, რადგან, მათივე თქმით, მესაქონლეობა არის მათი ძირითადი შემოსავლის წყარო.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა და ამ დროისთვის საწარმოს დროებით შეჩერებული აქვს სამუშაოების განხორციელების უფლება.
ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე, ქვა-ღორღის გადამამუშავებელმა საწარმომ მუშაობა 2017 წელს დაიწყო და მას შესაბამისი ლიცენზია ეკონომიკის სამინისტრომ მიანიჭა.
ნიკა ლატარია