თბილისი, 6 ივნისი - Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე ამტკიცებს, რომ სკვერის გახსნაზე ხელით არ შეხებია სამოქალაქო აქტივისტებს, თუმცა მზად არის დაზარალებულს სამახსოვროდ მაისური აჩუქოს.
თბილისის მერს ნერვებმა უმტყუნა: შეხლა-შემოხლა სკვერის გახსნაზე >>
პარასკევს კალაძესა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის, რომლებიც მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა. ერთ-ერთი აქტივისტი, კახა კვეკვესკირი ამტკიცებს, რომ კალაძემ მას ხელი დაარტყა და მაისური შემოახია.
„არანაირ ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი. იყო ორი პროვოკატორი, რომელსაც ჰქონდა მცდელობა, არეულობა შემოეტანა და ჩაეშალა მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც იყო ახალი სარეკრეაციო ზონის პროექტის დასრულება“, - განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.
მან ასევე განაცხადა, რომ აქტივისტს მაისურს აჩუქებს.
„სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, არ გამოუვიდა პროვოკაცია და მინდა, საჩუქრად გადავცე ამ პიროვნებას მაისური, რომელიც გამოადგება. აი, ეს არის მაისური, საკმაოდ საინტერესოა”, - განაცხადა კალაძემ.
მერმა ჟურნალისტებს წარუდგინა ეს მაისური, რომელზეც კვეკვესკირის და საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეხვედრაა აღბეჭდილი.
ამავე დროს მან აღნიშნა, რომ დაშავებულებს სრული უფლება აქვთ მიმართონ პოლიციას და თუ ის აღმოაჩენს დანაშაულის ნიშნებს, გამოძიებაც დაიწყება.