თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკის ვარდნა ევროპული ქვენების დონეზეა, მაგრამ ქვეყანაზე გავლენას ახდენს მეზობელ ქვეყნებში არსებული მდგომარეობა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბრიფინგზე.
კორონავირუსის პანდემიის ფონზე ეკონომიკური ზრდა 2020 წლის აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16,6%-ით შემცირდა. ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი მიმდინარე წელს უარყოფით ეკონომიკურ ზრდას – –4%-დან –5,5%-მდე პროგნოზირებენ.
„საქართველოს ეკონომიკის შემცირება არის დაახლოებით ევროპული ქვეყნების მაჩვენებლის შემცირების დონეზე. ის, თუ როგორ იცვლება პროგნოზები ჩვენს ეკონომიკურ ვარდნასთან დაკავშირებით, დიდად არის სწორედ რეგიონზე დამოკიდებული. შეგახსენებთ, რომ როდესაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გაუუარესა საქართველოს პროგნოზი –4%-დან –5,5%-მდე, მთავარი ახსნა იყო ის, რომ საქართველოსი კი სჯერა, რომ ქვეყანა ძალიან სწრაფად ამოქაჩავს ეკონომიკას, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენ სამეზობლოში COVID-19-თან დაკავშირებით ჯერ არ არის კეთილსაიმედო ვითარება და უფრო მძიმეა იქ ვითარება და პროგნოზი, აქედან გამომდინარე, პროგნოზი ჩვენც დაგვიმძიმა“, – განაცხადა თურნავამ.
ამავე დროს მან აღნიშნა, რომ ეკონომიკამ 2021 წელს ზრდა რომც დაიწყოს, ეს არ ნიშნავს პრობლემის დასრულებას.
პრემიერი: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეკონომიკა აღდგეს>>
„შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ 2021 წლიდან საქართველოს ეკონომიკა ზრდას დაიწყებს. იმედი მაქვს, რომ რეცესიის გადალახვის პირველ ნიშნებს ამ დროისთვის გლობალური ეკონომიკაც გამოავლენს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ 2021 წელს ყველა პრობლემა დასრულდება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ბიზნეს-პროექტებზე, ისინი გათვლილია რამდენიმე წელიწადზე. აქედან გამომდინარე, რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ მათ განსაკუთრებით უნდა დავუდგეთ გვერდში“, – განაცხადა მინისტრმა.
კორონავირუსი ეკონომიკის წინააღმდეგ
საქართველოში 21 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა 23 მაისამდე გაგრძელდა. ამჟამად შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება.
საქართველოს ეკონომიკა პანდემიისა და გლობალური კრიზისის ფონზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. საერთაშორისო ორგანიზაციები წელს უარყოფითი ეკონომიკური ბალანსის პროგნოზს აკეთებენ, თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ 2021 წელს საქართველო ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. ამასთან, საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ –4%-მდე შემცირდება.
ყველაზე პესიმისტური, როგორც საქართველოში მიაჩნიათ, არის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზი, რომლის თანახმად, საქართველოში 2020 წელს მშპ 5,5%-ით შემცირდება, თუმცა უკვე 2021 წელს ეკონომიკა 5,5%-ით გაიზრდება.
საქართველოს ეკონომიკის ვარდნა – მშპ კატასტროფულად მცირდება>>
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) ვარაუდობს, რომ საქართველოს ეკონომიკის ვარდნა 2020 წელს 4%-ს მიაღწევს, ინფლაცია კი 4,6% იქნება.
თუმცა, ამასთან, სსფ-ის პროგნოზი 2021 წლისთვის საკმაოდ ოპტიმისტურია. ფონდის შეფასებით, უკვე 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 3%-ით მოიმატებს, ინფლაცია კი 3,7%-მდე შემცირდება.
საქართველო პირველი ქვეყანა გახდა, რომელიც სსფ-სგან კრიზისის პერიოდში დახმარებას მიიღებს. სსფ დათანხმდა პროგრამა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ გაგრძელებას, რაც ნიშნავს საქართველოსთვის 447 მლნ დოლარის გამოყოფას წლის ბოლომდე.
გარდა ამისა, ზოგიერთი საერთაშორისო დონორი საქართველოს 2020 წლის ბოლომდე ჯამში 1,5 მილიარდ აშშ დოლარს გამოუყოფს.