თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. ადგილობრივი კომპანიები ახალი პროექტების განხორციელების შემთხვევაში სახელმწიფოსგან 90%-იან საბანკო-საკრედიტო გარანტიას მიიღებენ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.
ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც არსებული პროექტებისთვის უკვე აქვთ აღებული სესხი, სახელმწიფო მხარში დაუდგება 30%-ის გარანტიით.
პრემიერის სიტყვებით, ეს ამ კომპანიების მდგრადობის შენარჩუნებისა და მხარდაჭერის ყველაზე ეფექტური შესაძლებლობაა.
„დღეს ჩვენ რამდენიმე საკითხი გამოგვაქვს – პირველ რიგში, ეს ეხება საკრედიტო-საგარანტიო სქემის მექანიზმის შეცვლას, საკანონმდებლო ცვლილებებს. ეს ერთ-ერთი ღონისძიებაა, რომლითაც ჩვენ ადგილობრივ კომპანიებს ვეხმარებით“, – განაცხადა გახარიამ.
მთავრობა ბიზნესს საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში არსებული კრედიტების რესტრუქტურიზაციაში დაეხმარება.
ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ უკეთ მოერგება ახალ მოთხოვნებს, ხელისუფლება გაზრდის დაკრედიტების მოცულობას, პროცენტი კი საბაზრო ვითარების გათვალისწინებით დაკორექტირდება.
კერძოდ, პრემიერის სიტყვებით, კრედიტების გარანტირების სქემის მოცულობა არანაკლებ 300 მილიონი ლარი იქნება, აუცილებლობის შემთხვევაში კი დაფინანსება გაიზრდება.
საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი წარმოადგენს საგარანტიო ფონდს, რომელიც კომერციული ბანკებისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ აღებული კრედიტების დაბრუნების გარანტად გამოდის. უფრო მარტივად – როდესაც ბიზნესი კრედიტს იღებს, მთავრობა ხდება მისი თავმდები და თუ კონკრეტული ბიზნესი არ გაამართლებს და ბანკიდან აღებული სესხი ისე დაიხარჯება, რომ მოგებას არ მოიტანს, მთავრობის მიერ შექმნილი ფონდი სესხს ბიუჯეტის ფულით დაფარავს.
მიკროგრანტებისა და მცირე საწარმოების დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 40 მლნ ლარამდე გაიზრდება, მინიმალური საგრანტო თანხა კი 20-დან 30 ათას ლარამდე იქნება, განაცხადა გახარიამ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის იმ მოქალაქეების პირდაპირი დახმარება, რომლებიც მზად არიან, დაიწყონ ახალი ბიზნესი, აიღონ გარკვეული რისკი თავიანთ თავზე და წარმატების შემთხვევაში დაასაქმონ სხვებიც.
„ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ამ ღონისძიების გატარებას აქვს არა მარტო სოციალური დატვირთვა, არამედ მნიშვნელოვანი ეკონომიკურიც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურის თქმით, მოქალაქეებს აღნიშნულ პროგრამებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება და სარგებლობის შესაძლებლობა უახლოეს ერთ თვეში საზოგადოებრივი ცენტრებისა და იუსტიციის სახლების მეშვეობით ექნებათ. ყველა პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს ბიზნესის, ადგილობრივი წარმოებისა და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად, იუსტიციის სამინისტროს 100 ადგილობრივ სტრუქტურაში იქნება განთავსებული. პროგრამის დეტალების გასაცნობად ფერმერებსა და მეწარმეებს თბილისში ჩამოსვლა არ მოუწევთ. ყველა პროგრამა ხელმისაწვდომი იქნება მათ რაიონებში, აღნიშნა გახარიამ.