თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 8 ივნისიდან საქმიანობას განაახლებენ ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, რომლებმაც მუშაობა კორონავირუსის პანდემიის გამო შეაჩერეს, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა მუშაობა 31 მარტს შეაჩერეს. ამ ეტაპზე მოქალაქეებს ვალუტის გადაცვლა მხოლოდ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში შეუძლიათ.
„ერთობლივი ქმედებებით ჩვენ სწრაფად შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ეროვნული ბანკი მოუწოდებს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მფლობელებს, მკაცრად დაიცვან პროფესიონალთა რეკომენდაციები და რჩევები.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა და ის 23 მაისამდე მოქმედებდა. ამჟამად მთავრობა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დაჩქარებულ ტემპში მოხსნის პროცესს აგრძელებს.
შეზღუდვების მოხსნის გეგმა ექვსეტაპიანია და მისი განხორციელება ქვეყანაში ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული. გეგმის თანახმად, შეზღუდვები სრულად 6 ივლისისთვის უნდა იყოს გაუქმებული. მანამდე კი ქვეყანაში დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება აუცილებელი პირობაა.