თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. მოქალაქეები თბილისის სერვის-ცენტრებში დროულ და ხარისხიან მომსახურებას მიიღებენ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მერიის რაიონული მომსახურების ცენტრებმა მიმდინარე წლის მარტში ფუნქციონირება დროებით შეწყვიტეს.
კონდიციონერის გარეშე, ღია ფანჯრებით, პირბადეებით – ასე იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი>>
კალაძის განცხადებით, 1 ივნისიდან მუშაობა განაახლა მოქალაქეთა მომსახურების თერთმეტივე სერვის-ცენტრმა, რომლებიც მსოფლიო პანდემიის პირობებში დაიხურა.
„მსოფლიო პანდემიის გამო ჩვენ მთელი რიგი ღონისძიებების გატარება მოგვიწია... მოგვიწია სერვის-ცენტრების დახურვა როგორც მერიაში, ისე ათივე რაიონულ გამგეობაში, რის გამოც სერვისებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილებები, დროულად მოხდეს წერილების ჩაბარება, რომ მოქალაქეებს რიგში დგომა არ მოუწიოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განცხადებით, მომსახურების მიღების დროს სავალდებულოა წესების დაცვა, რათა მოქალაქეთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა მაქსიმალურად იყოს დაცული.
„აუცილებლად გასათვალისწინებელია სოციალური დისტანცია და პირბადეების მოხმარება... მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ყველა ის მოთხოვნა, რომელიც შესაბამისი უწყებების მხრიდან დაწესდა. ბრძოლა COVID-19-ის წინააღმდეგ არ დასრულებულა, ის ჯერ კიდევ ჩვენთანაა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 800 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა 640, გარდაიცვალა – 13. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 2424 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 304 პაციენტია.