თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, რომელსაც 1 ივნისს 45 წელი უსრულდება, კორონავირუსითაა ინფიცირებული, იუწყება „Sputnik–სომხეთი“.
პრემიერის თქმით, COVID-19 ასევე დაუდგინდა მისი ოჯახის სხვა წევრებსაც.
„არანაირი სიმპტომი არ მქონდა. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ წინა ხაზზე უნდა წავსულიყავი [სამხედრო ნაწილში], გადავწყვიტე, ტესტი ჩამებარებინა. ჩემი ოჯახის ყველა წევრის ტესტის პასუხებიც ასევე დადებითია. აშკარაა, ისინი ჩემგან დაინფიცირდნენ“, — განაცხადა ფაშინიანმა Facebook-ის პირდაპირ ეთერში.
პრემიერის თქმით, კორონავირუსით ის სამუშაო თათბირის დროს დაინფიცირდა. ირკვევა, რომ ერთ-ერთმა თანამშრომელმა ჭიქა წყალი მას ხელთათმანის გარეშე მიუტანა.
„მაშინ ჭიქის გამოცვლა მოვითხოვე, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მსგავსი რამ მანამდეც ხდებოდა. ამ ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა“, — განმარტა ფაშინიანმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მუშაობას სახლიდან განაგრძობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ვინაიდან დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
სომხეთში კორონავირუსის ეპიდემიის გამო 16 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა 13 ივნისამდე გახანგრძლივდა. 18 მაისს ქვეყანაში ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გაიხსნა სავაჭრო ცენტრები და ასევე საზოგადოებრივი კვების ობიექტები.