თბილისი, 29 მაისი — Sputnik. აშშ-ის ორ ქალაქში – მინეაპოლისსა და სენტ-პოლში, სადაც აფროამერიკელი მოქალაქის დაღუპვის გამო დაწყებული საპროტესტო აქციები არეულობაში გადაიზარდა, ეროვნული გვარდიის 500 ჯარისკაცია გაგზავნილი, ნათქვამია მინესოტას შტატის ეროვნული გვარდიის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ მანამდე აქციის მონაწილეები პოლიციის უბანს დაესხნენ თავს. სამართალდამცველები შუქ-ბგერითი ყუმბარებითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობდნენ მათ მოგერიებას, მაგრამ მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო. საბოლოოდ პოლიციელები შენობის სახურავიდან ვერტმფრენით გაიყვანეს.
ამის შემდეგ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქალაქში ჯარის შეყვანით დაიმუქრა იმ შემთხვევაში, თუ ქაოსი არ შეწყდებოდა. აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა.
„არ შემიძლია შორიდან ვუყურო, რა ხდება ამერიკის ამ დიდებულ ქალაქში. [მინეაპოლისს] ძლიერი ლიდერი არ ჰყავს. ან ეს სუსტი მერი ჯეიკობ ფრეი აიყვანს თავს ხელში და კონტროლს დაამყარებს, ან იქ ნაციონალურ გვარდიას გავგზავნი“, — დაწერა სოციალურ ქსელში პრეზიდენტმა.
მინეაპოლისში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 25 მაისს პოლიციის თანამშრომლებს აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი შემოაკვდათ. ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ხელბორკილიანი მამაკაცი ასფალტზე წევს, ხოლო პოლიციელი კისერზე მუხლით ებჯინება. დაკავებული რამდენჯერმე იმეორებს, რომ სუნთქვა და მოძრაობა უჭირს, შემდეგ კი ლაპარაკს წყვეტს. პოლიციელი კი, ისე რომ არ უშვებს მამაკაცს, მისგან ადგომას მოითხოვს.
მომხდარის შემდეგ დაკავების მონაწილე ოთხივე პოლიციელი გაათავისუფლეს სამსახურიდან, ქალაქის მერმა ჯეიკობ ფრეიმ კი იმ პოლიციელის დაკავება მოითხოვა, რომელიც მუხლით ებჯინებოდა გარდაცვლილს.
ამ დროისათვის გამოძიებაში უკვე ჩართულია FBI, რომელმაც აღნიშნული საქმე პრიორიტეტულად გამოაცხადა.