თბილისი, 29 მაისი — Sputnik. კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის პროექტი „კინო სკოლაში“ 2020 წლის გაზაფხულის სეზონს განსხვავებული ფორმატით, ონლაინ–პლატფორმის გამოყენებით ატარებს, ნათქვამია კინოცენტრის ვებ-გვერდზე.
საგანმანათლებლო ონლაინ–პლატფორმა ევროკავშირის პროგრამა „შემოქმედებითი ევროპის“ მხარდაჭერით შეიქმნა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს გარდა, პროექტში „კინოს კუთხე“ (THE FILM CORNER) მონაწილეობენ იტალია, დიდი ბრიტანეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, სერბეთი და სლოვენია. ეს არის საერთაშორისო კინო-საგანმანათლებლო რესურსი, რომლის მიზანია კინოსპეციფიკის სწავლება ონლაინ–ფორმატში.
„ამ დროისთვის პროექტში ჩართულია 17 კინომისიონერი, 40 სკოლა მთელი საქართველოს მასშტაბით და 285 კინოსკოლელი. სასწავლო რესურსი განკუთვნილია 13-19 წლის მოზარდებისთვის და აერთიანებს რამდენიმე თემას: კადრის შექმნა, გამოსახულების გაჭრა, კადრს მიღმა მოქმედება, მონტაჟი, პარალელური მოქმედება, ხმა, პერსონაჟის შექმნა და ა.შ.“ – ნათქვამია განცხადებაში.
მოსწავლეებს სწორედ კინომისიონერების დახმარებით ეძლევათ შესაძლებლობა, გადავიდნენ პრაქტიკულ სამუშაოებზე და ონლაინ–რეჟიმში შეასრულონ კონკრეტული დავალებები, რაც სასწავლო პროცესს უფრო ეფექტურს ხდის, აღნიშნავენ კინოცენტრში.
ამჟამად საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით მიმდინარეობს მუშაობა ორ თემატურ აპლიკაციაზე – პროპაგანდა კინოში და კინოს საშუალებით ხელოვნების სწავლება. აპლიკაციები ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი იქნება მომავალი წლიდან.
ეროვნული კინოცენტრის პროექტი „კინო სკოლაში“ 2014 წლიდან წარმატებით მიმდინარეობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.