თბილისი, 28 მაისი — Sputnik. აუცილებელია ქვეყანაში საფეხბურთო მატჩების განახლების შესახებ საკითხის განხილვა, განაცხადა საქართველოსპრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
COVID-19-ის პანდემიის გამო მარტის დასაწყიში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქვეყანაში ყველა დონეზე საფეხბურთო ჩემპიონატის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
„დასაწყებია ამ თემის განხილვა ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ოღონდ ჯერჯერობით მაყურებლის გარეშე. დავაკვირდეთ ორი კვირა, ერთი თვე და მერე ნელ-ნელა შეიძლება [მატჩების ჩატარება], რათა არ გამოვეთიშოთ საერთაშორისო ტურნირებს, რაც მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გახარიამ.
შესაბამისად, ჯერჯერობით გაურკვეველი დარჩა, როდის შეძლებენ ქართული საფეხბურთო კლუბები მატჩების ჩატარებას.
კლუბებმა ეროვნულ ლიგაში მხოლოდ ორი ტურის ჩატარება მოასწრეს. აქ ორი გამარჯვებით ლიდერია თბილისის „ლოკომოტივი“. საქართველოს მოქმედი ჩემპიონია თბილისის „დინამო“.
ერთადერთი ევროპული ქვეყანა, სადაც ფეხბურთში ეროვნული ჩემპიონატი არ შეწყვეტილა, ბელარუსია. პირველი ქვეყანა, სადაც პანდემიის გამო იძულებითი შესვენების შემდეგ პირველობა განახლდა, გერმანიაა, თუმცა ბუნდესლიგის მატჩები ცარიელი ტრიბუნების პირობებში მიმდინარეობს.