თბილისი, 27 მაისი — Sputnik. 2020 წლის ივნისში ერთდროულად ორი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა მოხდება, რამაც შეიძლება ადამიანზე საკმაოდ ძლიერი გავლენა მოახდინოს, იუწყებიან სპეციალისტები.
მათი ინფორმაციით, ზაფხულის პირველ თვეში უნდა ველოდოთ არა მარტო მთვარის, არამედ მზის დაბნელებასაც. სულ 2020 წელს ექვსი დაბნელებაა მოსალოდნელი. ასტროლოგების აზრით, ამით აიხსნება კიდეც ის ფაქტი, რომ ეს წელი ბევრისთვის ყველაზე მძიმეა ბოლო ათწლეულებში.
ბევრი სპეციალისტი მნათობების დაბნელებას საკმაოდ საშიშ პერიოდად მიიჩნევს, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ამავდროულად ადამიანს შეუძლია მოვლენის ენერგეტიკა თავის სასარგებლოდ მიმართოს.
მთვარის დაბნელება — მოვლენა 2020 წლის 5 ივნისსაა მოსალოდნელი. დედამიწის ჩრდილი ნაწილობრივ დაფარავს თანამგზავრს, ამიტომ მთვარე ციდან მთლიანად არ გაქრება. ასტროლოგების აზრით, ასეთი დაბნელების გავლენა არ შეიძლება ჩაითვალოს ძალიან ძლიერად და ის ადამიანებს ზიანს არ მიაყენებს.
თუმცა, ამავე დროს იმასაც ამბობენ, რომ როცა მთვარე ნაწილობრივ იფარება, მაშინ სხვადასხვა სახის უსიამოვნებები ფარული და, შესაბამისად, მოულოდნელი ხდება.
სპეციალისტების თქმით, პრობლემები შესაძლოა შეექმნათ მათ, ვინც შორ გზაზე გამგზავრებას, ახალი საქმის წამოწყებას თუ ძვირადღირებული შენაძენის გაკეთებას გადაწყვეტს. ეს შესაძლოა იყოს პასპორტის ან ბილეთების დავიწყება, მნიშვნელოვანი ფაქტების გაუთვალისწინებლობა თუ საფულის დაკარგვა. ამიტომ ამ დღეს ორმაგად და სამმაგად ყურადღებით უნდა იყოთ. ამასთან საჭიროა დაუკვირდეთ ნათქვამს და მოზომოთ სიტყვა, რათა ვინმეს ტყუილად არ აწყენინოთ ერთი შეხედვით უბრალო ფრაზით.
ასტროლოგების თქმით, ამ დღეს უმჯობესია მარტო ყოფნა და საკუთარი თავის შეცნობა.
მზის დაბნელება — მოვლენა 2020 წლის 21 ივნისსა მოსალოდნელი. ასტროლოგების აზრით, ამგვარი დაბნელება ძლიერ გავლენას ახდენს ადამიანებზე და შესაძლოა ჩხუბისა და გაუგებრობების მიზეზიც კი გახდეს.
ეს რგოლური დაბნელება იქნება, ანუ მთვარე ისე აეფარება მზეს, რომ ცაზე მხოლოდ მისი წრე გამოჩნდება. ასეთი დაბნელების დროს მთვარე დედამიწიდან ჩვეულებრივზე მეტი მანძილითაა ხოლმე დაშორებული.
ასტროლოგების აზრით, ასეთ მოვლენას ადამიანისთვის უარყოფითი შედეგები მოსდევს, თუმცა პრობლემები და წარუმატებლობა მაშინვე კი არ იჩენს თავს, არამედ მოგვიანებით.
ირკვევა, რომ მსგავსი დაბნელება მომხდარა 2002 წელსაც. ამიტომ ასტროლოგები გვირჩევენ, გავიხსენოთ მაშინდელი მოვლენები, რათა დაახლოებით მაინც მივხვდეთ, რა გველოდება.
სპეციალისტების თქმით, ამ დღეს ადამიანების უმეტესობას უსიამოვნებები ელის ოჯახში, მეგობრებთან თუ თანამშრომლებთან — თანაც, აშკარა მიზეზების გარეშე. ამიტომ მათი დაჟინებული რეკომენდაციაა, თავი აარიდოთ აგრესიულად განწყობილ ადამიანებს, ვინაიდან ისინი საფრთხის წყარო იქნებიან — ზოგს შეიძლება უბრალოდ გუნება გაუფუჭონ, ზოგი კი ხელჩართულ ჩხუბშიც ჩაითრიონ.
ასტროლოგები განმარტავენ, რომ ამ დღეს ჯობს ყურადღება საშინაო საქმეებზე გაამახვილოთ, მეტი სითბო გამოიჩინოთ ნათესავებისა და ოჯახის წევრების მიმართ. ამასთან, არ უნდა გასცეთ ამაო დაპირებები და თავი შეიკავოთ ახლობლების კრიტიკისა და განსჯისგან.
განსაკუთრებული რეკომენდაციაა — ჭორებისთვის ყურის წაყრუება, მოარული ხმები, მათ შორის უშუალოდ თქვენზე, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიჯეროთ.