თბილისი, 27 მაისი – Sputnik. ბათუმში, აჭარის მთავრობის შენობის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეები პატიმრობაში მყოფი რევაზ წულუკიძისა და ელდარ ანთაძის გათავისუფლებას ითხოვენ.
ადგილზე მობილიზებული არიან პოლიციის თანამშრომლები.
აქციის მონაწილეების ნაწილს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდნენ. თუმცა, მათი თქმით, შეხვედრა უშედეგო იყო. დაკავებულების ოჯახის წევრების თქმით, მთავრობის წარმომადგენლებისგან მათ კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს და აპირებენ აქციების გაგრძელებას.
პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოხდა, რის გამოც დააკავეს 10-ზე მეტი აქციის მონაწილე.
რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე ხულიგნობის მუხლით 5 მაისს დააკავეს. დაკავების მიზეზი კონფლიქტი გახდა, რა დროსაც რამდენიმე პირი ცივი იარაღით დაჭრეს.
წულუკიძისა და ანთაძის ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ ისინი უკანონოდ არიან დაკავებული და მათ გათავისუფლებას მოითხოვენ. ამავე მოთხოვნით ისინი 8 მაისსაც შეიკრიბნენ აჭარის მთავრობის სახლთან და აქცია გამართეს, სადაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო ოთხი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
წულუკიძისა და ანთაძის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ხულიგნობას გულისხმობს. 9 მაისს სასამართლომ ისინი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.