ივნისში ამსტერდამისა და თელ-ავივის მიმართულებით ჩარტერული რეისები შესრულდება

© photo: Sputnik / Stringerაეროპორტი
აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფრენები ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული პროტოკოლის სრული დაცვით განხორციელდება Boeing B737 და Embraer ERJ190 ტიპის საჰაერო ხომალდებით.

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. ქართული ავიაკომპანია Georgian Airways მიმდინარე წლის ივნისში ამსტერდამისა და თელ-ავივის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს შესრულებს, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფრენები ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული პროტოკოლის სრული დაცვით განხორციელდება Boeing B737 და Embraer ERJ190 ტიპის საჰაერო ხომალდებით.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაგადამზიდავი კომპანიისთვის შესაბამისი ნებართვა 25 მაისს გასცა.

ჩარტერული რეისები „თბილისი–ამსტერდამი“ შესრულდება 8, 15 და 27 ივნისს. გაფრენის დრო 10:00 საათი, მოფრენის დრო 20:30 საათი. 

AirZena - Georgian Airways - Sputnik საქართველო
Georgian Airways ავიარეისებს უმეტესი მიმართულებით აღადგენს

რაც შეეხება „თბილისი–თელ-ავივის“ რეისებს, ისინი 4, 11, 21 და 25 ივნისს შესრულდება. ამ დღეებში, გარდა 25 ივნისისა, თვითმფრინავი თბილისიდან 09:25 საათზე გაფრინდება, ხოლო თბილისის აეროპორტში 16:10 საათზე დაეშვება.

25 ივნისს გაფრენის დროა 09:10 საათი, მოფრენის დრო – 15:15 საათი.

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, როდესაც საქართველომ ყველა მიმართულებით ავიამიმოსვლა შეწყვიტა, Georgian Airways იყო ერთადერთი ავიაკომპანია, რომელიც მთავრობის დავალებით თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით ევროპის ქვეყნებში სპეცრეისებს ახორციელებდა.

საქართველომ 21 მარტიდან ავიამიმოსვლა ყველა მიმართულებით შეაჩერა. კორონავირუსის პანდემიასთან წარმატებული ბრძოლის შედეგად ქვეყნის ხელისუფლებამ შიდა ტურიზმის 15 ივნისიდან, უცხოელი ტურისტებისთვის კი საზღვრის 1 ივლისიდან გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ეს ნიშნავს, რომ ამ დროისთვის საქართველო აღადგენს საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლას, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეიზღუდა.

როგორც Georgian Airways-ში აცხადებენ, კომპანია 1 ივლისიდან 16 ტრადიციული მიმართულებიდან უმეტეს რეგულარულ რეისებს განაახლებს.

ყველა ახალი ამბავი
0