თბილისი, 26 მაისი – Sputnik. საქართველოსთვის რუსული ბუნებრივი აირის საფასური იქნება ისეთივე, როგორიც იყო ადრე წლიური საკონტრაქტო მოცულობის 100%-იანი შერჩევისას, განუცხადეს ჟურნალისტებს „გაზპრომის“ პრესსამსახურში.
2019 წლის მარტში საქართველომ და გაზპრომ ექსპორტმა“ საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსული გაზის სომხეთში ექსპორტის შესახებ გააფორმეს ახალი კონტრაქტი, რომელსაც 2020 წლის ბოლომდე უნდა ემოქმედა.
„გაზის საფასური საქართველოსთვის იქნება ისეთივე, როგორიც იყო ადრე წლიური საკონტრაქტო რაოდენობების შერჩევისას. ახლა ეს ვალდებულებები შერჩევის კუთხით მკაფიოდ არის დაფიქსირებული“, - განაცხადეს კომპანიაში.
ადრე საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა „გაზპრომს“ რუსული ბუნებრივი აირის საფასურის დაახლოებით 15%-იან დაკლებაზე შეუთანხმდა.
2017 წლის იანვრამდე საქართველო რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის სახით გატარებული ნედლეულის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებდა. 2017 წელს სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურს ქვეყანა შერეული სისტემით იღებდა - ნაწილობრივ ფულადი თანხით და ნაწილობრივ ნედლეულით, ხოლო 2018 წელს გადახდა მხოლოდ ფულადი სახსრებით ხორციელდებოდა.
ბუნებრივი აირის ბალანსის თანახმად, საქართველოში 2020 წელს გაზის მოხმარება ნავარაუდევია 2,5 მილიარდი კუბომეტრის დონეზე. აქედან რუსეთიდან შემოვა 170 მლნ კუბომეტრი. დანარჩენის შემოტანა აზერბაიჯანიდან იგეგმება.