ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე ძალადობისთვის მამასთან ერთად დააკავეს. ჭორები წყვილის დაშორების შესახებ ბოლო რამდენიმე თვეა ვრცელდებოდა, თუმცა ოფიციალური კომენტარი ამასთან დაკავშირებით არც ჩოგბურთელს და არც მის ყოფილ მეუღლეს არ გაუკეთებია.
წყვილი ქორწინებაში 2013 წლიდან იმყოფებოდა, მათ 2015 წლის 4 მაისს ვაჟი შეეძინათ.
„ჩემი მეუღლე ნეკა დოროყაშვილია. საერთო მეგობრების წრეში გავიცანი, შემდეგ ინტერნეტით გვქონდა მიმოწერა, რადგან საზღვარგარეთ ვცხოვრობდი. გადავწყვიტეთ დაოჯახება. მონატრება რთულია, მაგრამ ზოგჯერ დადებითად მოქმედებს ეს ურთიერთობებზე. ასეთია სპორტი, ნეკამ ამის შესახებ თავიდანვე იცოდა. გვყავს ვაჟი ლუკასი, რომელიც მინდა ჩოგბურთელი გახდეს“, – ამბობდა ჩოგბურთელი ერთ-ერთ ინტერვიუში.
თავის მხრივ, ნეკასაც არაერთხელ უთქვამს, რომ ჩოგბურთელის ცოლობა რთულია. „ძალიან რთულია ჩობურთელის ცოლობა. ეს სპორტი უზარმაზარ შრომას მოითხოვს. ნიკა საქართველოში მაქსიმუმი ერთი კვირით ჩამოდის და დასვენება საერთოდ არ აქვს. როცა აქ არის, მაშინაც ვარჯიშობს, ფორმიდან არ უნდა ამოვარდეს“, – ამბობდა ნეკა ერთ-ერთ ინტერვიუში.
როგორც აღმოჩნდა, ნიკა თავისი რეჟიმიდან გამომდინარე მშობიარობასაც კი ვერ დაესწრო, რასაც ძალიან განიცდიდა. ამ დროისთვის ნეკა საქართველოში ცხოვრობს და დროდადრო სხვადასხვა სარეკლამო კამპანიებში აქტიურად ჩანს, ნიკოლოზი კი გერმანიის ქალაქ ჰამბურგში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირში ასპარეზობს და კარიერული აღმავლობის გზას ადგას. წყვილის სოციალურ ქსელში დიდი ხანია მათი ერთობლივი ფოტოები აღარ იდება და ნეკაც საზოგადოებაში საქორწინო ბეჭდის გარეშე ჩნდება.