თბილისი, 22 მაისი – Sputnik. რუსეთში შემოდგომაზე COVID-19–ით დაავადების ახალი ტალღაა შესაძლებელი, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის სანიტარულ–ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით გამართულ თათბირზე.
„შეზღუდვების რეჟიმიდან თანდათანობით გამოსვლის დროს, რომელშიც დღესდღეობით კიდევ ვცხოვრობთ, უნდა ვიფიქროთ სპეციალისტების, აქ მყოფთა ნათქვამზე, მათი უცხოელი კოლეგების მოსაზრებებზე, რომ შესაძლებელია იყოს კიდევ სხვა ტალღა სადღაც შემოდგომაზე, ოქტომბრის ბოლოს–ნოემბერში. ესეც უნდა გვქონდეს მხედველობაში და მზად ვიყოთ ვითარების ასეთი განვითრებისთვისაც“, – განაცხადა პუტინმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამჟამად კორონავირუსთან არსებული სიტუაცია რუსეთში სტაბილურდება, თანდათანობით მცირდება ახალი შემთხვევების რიცხვი. მისი თქმით, ეს ჯერჯერობით მერყევი დინამიკაა.
„როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა ანა პოპოვამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ რუსეთში კორონავირუსის გავრცელება პლატოზეა. მისი თქმით, მეცნიერები საუბრობენ ვითარების სტაბილიზაციაზე და შემთხვევების რაოდენობის შემცირების მკაფიო ტენდენციაზე.
22 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი გამოუვლინდა 326 448 ადამიანს, აქედან 3249 გარდაიცვალა, განიკურნა 99 825. ჩატარდა 8,1 მილიონზე მეტი ტესტი.
ბევრ რეგიონში შენარჩუნებულია საგანგებო რეჟიმი. მოქალაქეებს აძლევენ რეკომენდაციებს, შეძლებისდაგვარად დარჩნენ სახლში, ატარონ პირბადეები, ხელთათმანები, დაიცვან სოციალური დისტანცია.
რუსეთი კორონავირუსის ინფიცირების გამოვლენის რაოდენობით მსოფლიოში აშშ–ის (1,57 მლნ) შემდეგ მეორე ადგილზეა.