საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეიძლება მგზავრთა რაოდენობაზე ლიმიტი დაწესდეს

გამოწერა
მთავრობას არ სურს გარისკვა, ამიტომაც არ ჩქარობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაზე დაწესებული შეზღუდვის გაუქმებას.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. საქართველოში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობაზე შეიძლება ლიმიტი დაწესდეს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე.

მისი სიტყვებით, მთავრობა მუშაობს რეკომენდაციებზე, რომელთა გათვალისწინებაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობისას უნდა მოხდეს – გარკვეული სტანდარტები ცნობილი მომდევნო კვირაში გახდება.

„შეიძლება დაწესდეს ლიმიტი და ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მძღოლის ინდივიდუალური დაცვა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისი განმარტებით, მთავრობა ითვალისწინებს იმ ფაქტსაც, რომ მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება, სოციალური დისტანციის დაცვა რთული იქნება. 

მწვანე ავტობუსები - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: რა წესებით ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი მალე გახდება ცნობილი

„სწორედ ამის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია ძალიან დეტალური მუშაობა იმისთვის, რომ მომავალში გარკვეული რისკები არ წარმოიშვას, რის გამოც მთავრობა შეიძლება კვლავ იძულებული გახდეს საგანგებო მდგომარეობა შემოიღოს და ჩვენ მოგვიწევს იმ სტატუსთან დაბრუნება, რომელიც მარტში გვქონდა“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ, თავის მხრივ, ბრიფინგზე განაცხადა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება.

„მესმის, რომ ახლა ზაფხულია, ადამიანებს ყველაფერი მობეზრდათ, ბევრი დისკომფორტი იყო. ამ დისკომფორტის ნაწილი მოიხსნება, თუმცა, სამწუხაროდ, ნაწილი დარჩება. და ჩვენ ამასთან შეგუება მოგვიწევს ტრანსპორტშიც. ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება“, – განაცხადა იმნაძემ.

მისი სიტყვებით, ჯერ ადრეა პანდემიის დასრულების გამოცხადება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია, რომელიც მოსახლეობას აწუხებს. დღეისათვის ტაქსი – თბილისში გადაადგილების ერთადერთი საშუალებაა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი დაწესდა, ასევე მუშაობა შეაჩერა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა და მეტრომ. 18 მარტიდან კი თბილისში სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და, stopcov.ge-ს განახლებული მონაცემებით, 723-ს მიაღწია. გამოჯამრთელებულია 495, გარდაცვლილია 12. კარანტინში იმყოფება 3 259 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 323. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში სამი თანამემამულეა გადმოყვანილი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა.

ყველა ახალი ამბავი
0