თბილისი, 22 მაისი — Sputnik. საქართველოში ავტომობილით სამზე მეტი პირის გადაადგილებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვა იხსნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, აღნიშნული შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებისთვის იმოქმედებს.
"მივიღეთ გადაწყვეტილება - ერთ ავტომობილში სამი ადამიანის შეზღუდვა გაგრძელდეს მხოლოდ ტაქსებზე, ხოლო სხვა ყველა საავტომობილო საშუალებაში გაუქმდეს“, - განაცხადა გახარიამ.
საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ხელისუფლებამ ინფექციის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც შემდეგ 22 მაისამდე გახანგრძლივდა.