თბილისი, 21 მაისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული მასალის დამზადება-გავრცელებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ ცხრა პირთან პროკურატურის მიერ გაფორმებული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალის უკანონოდ დამზადება-გასაღების საქმის გახსნის შესახებ საქართველოს შსს-მ 2019 წლის 19 სექტემბერს გამოაცხადა. მაშინ დააკავეს 11 ადამიანი, მათ შორის აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეები. მოგვიანებით ბრალდებულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ უცხოელებმა თბილისში ნაქირავებ ბინებში გახსნეს არალეგალური ფოტოსალონები, სადაც შემდგომი რეალიზებისთვის პორნოგრაფიულ მასალას იღებდნენ. სულ საქმეზე დაკავებულია 24 ადამიანი. დაზარალებულია 8-დან 14 წლამდე ასაკის 23 არასრულწლოვანი.
ბრალდებულს, რომელიც ამერიკის მოქალაქეა, სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დანარჩენი რვა ბრალდებულის შემთხვევაში კი, სასჯელი ოთხიდან ექვს წლამდეა.
გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნა ათმა დაკავებულმა გამოთქვა, თუმცა საპროცესო შეთანხმება ვერ გაუფორმდა ერთ ბრალდებულს, გ.ბ.-ს , რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებოდა ბრალად. ის საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ აღიარებდა მის მიმართ წარდგენილ ბრალს და არ დათანხმდა პროკურატურის შეთავაზებას, საპატიმროში ერთი წელი გაეტარებინა. სასამართლომ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გარყვნილი ქმედება 5 წლის ბავშვთან - პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს >>
ბრალდებულებმა, რომელთაც საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ, პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი აღიარეს.
დანარჩენ დაკავებულებს კი 17-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის მუხლებით – „წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღება“, „ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგი“.