თბილისი, 21 მაისი — Sputnik. შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა ჩინეთს, გამოუყოს 9 ტრილიონი დოლარი მსოფლიოს ქვეყნებს კორონავირუსულ პანდემიასთან ბრძოლისთვის, განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.
სახელმწიფო მდივნის თქმით, ჩინეთის წვლილი კორონავირუსთან ბრძოლაში ბევრად ჩამორჩება იმ ფასს, რომელიც „მის გამო გადაიხადა მთელმა მსოფლიომ“. მან აღნიშნა, რომ პანდემიამ მარტო შეერთებულ შტატებში 90 ათასი ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო 36 მილიონი კაცი უმუშევარი დარჩა.
პომპეომ ხაზი გაუსვა, რომ ამ დროისათვის შეერთებულ შტატებს უკვე აქვს გამოყოფილი 10 მილიარდი დოლარი ვაქცინის შექმნისა და ასევე ჰუმანიტარული დახმარების გაწევისთვის. და ეს მაშინ, როცა ჩინეთმა საამისოდ მხოლოდ 2 მლრდ დოლარი გაიღო.
შეგახსენებთ: იმის შესახებ, რომ ჩინეთი უახლოესი ორი წლის განმავლობაში ორ მილიარდ დოლარს გამოყოფდა კორონავირუსით დაზარალებული ქვეყნების დასახმარებლად, 18 მაისს განაცხადა ქვეყნის ლიდერმა სი ცზინპინმა. ერთი დღით ადრე კი აშშ–ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში პიტერ ნავარომ ბრალი დასდო ჩინეთს, რომ ქვეყანა განზრახ გზავნიდა ტურისტებს მთელ მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციის გასავრცელებლად.
რა შემთხვევაში დაუწესდება სანქციები ჩინეთს: აშშ-ის სენატში კანონპროექტი შევიდა>>
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეცპროექტის მონაცემებით, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსული ინფექცია სულ დაუდასტურდა 5 000 038 ადამიანს. აქედან გარდაიცვალა 328 172 და განიკურნა 1 899 350 კაცი.