თბილისი, 21 მაისი – Sputnik. ბოლო პერიოდის განმავლობაში დედაქალაქში, ისევე როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შემცირდა, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს Facebook–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
„აღნიშნული ძირითადად სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მკვეთრმა შემცირებამ გამოიწვია. განსაკუთრებით შემცირებულია ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობა, რაც, სავარაუდოდ, ავტოტრანსპორტიდან გამონაბოლქვის შემცირებასთან არის დაკავშირებული“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან სააგენტო აღნიშნავს, რომ სადგურებზე, რომლებიც განთავსებულია გზის პირას, ავტოტრანსპორტით დატვირთული ქუჩების გასწვრივ, მათ შორის წერეთლისა და ყაზბეგის გამზირებზე, უფრო მეტად ფიქსირდება აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების კლების ტენდენცია, ვიდრე ფონურ სადგურებზე.
ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შემცირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით საგანგებო მდგომარეობა დაწესდა. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში შეჩერდა მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა, 17-დან 27 აპრილამდე აკრძალული იყო მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. ქალაქის ქუჩები დაცარიელებული იყო თუ არ ჩავთვლით სპეციალური საშვების მქონე ავტომობილების, ბაიკერებისა და ველოსიპედისტების გადაადგილებას. ეს ყველაფერი დადებითად აისახა არა მხოლოდ დედაქალაქის, არამედ მთელი საქართველოს ეკოლოგიურ ვითარებაზე.
ამ მაჩვენებლების შენარჩუნების მიზნით თბილისის მერი კახა კალაძე გამოვიდა ინიციატივით, საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ დედაქალაქში კვირაში ორი დღით აიკრძალოს ავტოტრანსპორტის მოძრაობა.