ქეთევან დედოფლის გამზირისა და ბარათაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება

გამოწერა
ჭავჭავაძის გამზირის შემდეგ ეს იქნება თბილისის კიდევ ორი ცენტრალური ქუჩა, რომელიც ახალ იერსახეს შეიძენს.

თბილისი, 21 მაისი – Sputnik.  თბილისის მერია დედაქალაქის ცენტრალური ქუჩების განახლებასა და კეთიმოწყობას აგრძელებს.

ამჯერად მასშტაბური სამუშაოები ქეთევან დედოფლის გამზირსა და ბარათაშვილის ქუჩაზე იგეგმება. აღნიშნული პროექტების განხორციელებისთვის 4,7 მლნ ლარი გამოიყოფა, განაცხადა კახა კალაძემ 20 მაისს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

კალაძე: თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის გენგეგმა წლის ბოლოსთვის მზად იქნება>>>

მერის სიტყვებით, ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ერთი წუთითაც არ შეჩერებულა.

„თბილისის მერიამ ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა. გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია –  NCC (Nordic Construction Company), რომელთანაც ხელშეკრულება  უახლოეს მომავალში გაფორმდება, რის შემდეგაც კონკრეტული სამუშაოებიი დაიწყება. საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, სარეაბილიტაციო არეალი მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან  იწყება და ლეხ კაჩინსკის ქუჩასთან სრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის განცხადებით, აღნიშნული რაიონი მძიმე ვითარებაშია, განსაკუთრებით მიწისქვეშა კომუნიკაციები და ასფალტ–ბეტონის საფარი.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე სისტემას და მიწისქვეშა კომუნიკაციებს, მოეწყობა ახალი ბორდიურები და ტროტუარები. მიწის ქვეშ მოექცევა ელექტროგადამცემი ხაზები, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი LED განათების სისტემა. 

ავტობუსის ზოლები - Sputnik საქართველო
კალაძე: ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსის ზოლების გზის პირზე განთავსება პრობლემებს შექმნიდა

პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის სპეციალურად გამოყოფილი ზოლები (ე.წ. ბასლეინები) და ველობილიკები. სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება და ექვს თვეში დასრულდება.

რაც შეეხება ბარათაშვილის ქუჩას, კალაძის თქმით, სამუშაოები ბარათაშვილის ხიდიდან ორბელიანის მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე ჩატარდება და რამდენიმე დღეში დაიწყება.

 „პროექტის ფარგლებში შეიცვლება ასფალტის საფარი, ტროტუარები მოპირკეთდება ბუნებრივი ქვის ფილებით, ელექტროსადენები მიწის ქვეშ განთავსდება და თანამდეროვე, LED განათების სისტემა დამონტაჟდება. სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს“, – განაცხადა კალაძემ.

აღნიშნული პროექტების გარდა, დასრულების ეტაპზეა ორი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი – ჭავჭავაძის გამზირისს და ვეკუა–ხიზანიშვილის ქუჩის კაპიტალური რეკონსტრუქცია.

მერის სიტყვებით, ჭავჭავაძის გამზირზე კვირის ბოლოს სამუშაოების ბოლო ეტაპი დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0