საქართველოში 22 მაისიდან საგანგებო მდგომარეობა და საკომენდანტო საათი უქმდება. თბილისელები არ დაელოდნენ ამ თარიღს და უკვე გამოვიდნენ ქუჩებში, რადგან ბოლო დღეებში დედაქალაქში შესანიშნავი ამინდებია.
მაისის შუა რიცხვებიდან საქართველოში უკვე დაიწყო შეზღუდვებისა და აკრძალვების მოხსნა. საზოგადოების ნაწილისათვის ეს საფრთხის გაქრობას ნიშნავდა. თუმცა კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევები კვლავ ფიქსირდება. ამიტომ, შესაძლოა, საქართველოს მთავრობამ, აუცილებლობის შემთხვევაში, კვლავ დააწესოს სხვადასხვა შეზღუდვები.
ამ დროისათვის კორონავირუსი საქართველოში 721 ადამიანს დაუფიქსირდა. განკურნებულთა რაოდენობამ 475-ს მიაღწია, გარდაიცვალა 12 პაციენტი. კარანტინში იმყოფება 3 519, ხოლო სტაციონარებში 351. საქართველოს სამი მოქალაქე სამკურნალოდ ჩამოიყვანეს სხვა ქვეყნებიდან.